მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დატვირთვა 30%-ით შეგვიმცირდა...ზარალი დიდია“ – Oktopus-ის მოლოდინები

5fa94e72d7b2e
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.20 18:26
1426
„დღეისათვის კომპანია ზარალზეა და წლის ბოლოსთვისაც ზარალზე იქნება“, - ასე აფასებს Oktopus Fitnes Club-ის დამფუძნებელი გიორგი ასათიანი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, რომელიც გაზაფხულზე საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების და მისი მოხსნის შემდეგ მომხმარებელთა კლების შედეგად შეიქმნა.

ფიტნეს კლუბის დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანია დღეს მოგებაზე არ ფიქრობს და გადარჩენაზეა ორიენტირებული.

„Oktopus-ის დატვირთვა პირველი შეზღუდვების დაწესების შემდეგ იმდენად შემცირდა, რომ სულ მინუსში ვართ... ამის იქით რა შეიძლება იყოს, აღარ ვიცით. ჯამში, კომპანია ზარალზეა და წლის ბოლოსაც ზარალზე იქნება, მთავარია, რაღაცნაირად გავძლოთ და შევძლოთ სესხი, ხელფასები და იჯარის გადასახადი ანუ ძირითადი ფინანსური ვალდებულებები გავისტუმროთ; არანაირი საუბარი არ არის განვითარებასა და შემოსავლების ზრდაზე. მთავარია, რომ მიმდინარე ხარჯების, რაც ფუნქციონირებისთვის კრიტიკულია, მომსახურება შევძლოთ“, - განმარტა Oktopus-ის დამფუძნებელმა.

გიორგი ასათიანის განმარტებით, პანდემიის შემდეგ კომპანიის ხარჯები გაიზარდა, ხოლო ივლისში ამოქმედების შემდეგ კლუბის დატვირთვა შემცირდა.

„წინა წელთან შედარებით, ფიტნეს კლუბის დატვირთვა, დაახლოებით, 30%-ითაა შემცირებული, რაც ამ ბიზნესისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ საქმიანობაში მოგების მარჟები საკმაოდ დაბალია, შესაბამისად, 30%-იანი კლება ბიზნესის ოპერირებას ძალიან ურტყამს.

ამასთან, Oktopus-ის მესამე ფილიალის გახსნას მარტში გვქონდა დაგეგმილი, თუმცა კოვიდის გამო გადაიდო და ივლისის შუა რიცხვებში გავხსენით, რისთვისაც 4.5 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ამავე დროს გაზრდილია ხარჯვითი ნაწილი, თუმცა რეკომენდაციების შესრულების კუთხით მომატებული ხარჯი ფინანსურად იმდენად არ გვაწვება, რამდენადაც ის პერიოდი მარტიდან-ივლისამდე, როდესაც ბიზნესი სრულიად გაჩერებული იყო. იმ პერიოდში გვქონდა ჩვენი ფიქსირებული ხარჯები - ადმინისტრაცის ხელფასები თუ სხვადასხვა საოპერაციო ხარჯი, რასაც გახსნის შემდეგ შემოსავლების შემცირებაც დაემატა“, - განმარტა გიორგი ასათიანმა.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ მათ გარკვეულ პაკეტებზე ფასების გაზრდა მოუწიათ, თუმცა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო  მოსახლეობის მდგომარეობას ითვალისწინებენ და მომხმარებელს ხშირად სხვადასხვა ფასდაკლების აქციებს სთავაზობენ. 

ცნობისთვის: დღეისთვის თბილისში Oktopus Fitnes Club-ს სამი ფილიალი აქვს და 100-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები