სამართლიანობის აღდგენა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამ მიზნით პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტიც შეიქმნა, თუმცა დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული რამდენიმე ავტომანქანა, ოქროს ნივთები და ასევე აკურას ღვინის ქარხანა დაუბრუნდათ. ძალიან ბევრი საქმე კი წლებია გამოუძიებელია.
"ბიზნესკონტრაქტი" დაინტერესდა, სამართლიანობის აღდგენის რა გეგმა აქვთ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ძირითად პოლიტიკურ ძალებს.
პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი გიორგი პაპავა სამართლიანობის აღდგენის პროცესში აქცენტს დამოუკიდებელ სასმართლოზე აკეთებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც გადაწყვეტს კონკრეტულ საკითხებს.
"ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ სახელმწიფო არ ერეოდეს კონკრეტული ბიზნესმენის საქმიანობაში. ვუზრუნველყოფთ, რომ თითოეული ბიზნესმენის საკუთრების უფლება იყოს მაქსიმალურად დაცული და სასამართლო სისტემა იყოს მიკერძოებელი და თავისუფალი პოლიტიკური წნეხისგან", - განუცხადა "ბიზნესკონტრაქტს" გიორგი პაპავამ.
ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს საკუთრების უფლების შელახვის ფაქტების არსებობას აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ მათი კვლავ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობა ბიზნესის საქმეებში არ ჩაერევა.
"იყო საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები,მაგრამ ხდებოდა გაზვიადება. ჩვენს პროგრამაში პირდაპირ გვაქვს ჩადებული რომ იყო შეცდომები. ჩვენ გავაუქმებთ ფინანსურ პოლიციას. არ გვინდა რომ ბიზნესს ამოწმებდეს შეიარაღებული ბუღალტერი. წინა ხელისუფლების დროს პროკურატურა ერეოდა ბიზნესის საქმეებში, იყო არასწორი ჩარევა ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ეს შეცდომა გავაცნობიერეთ და ეს არასდროს აღარ განმეორდება", - აცხადებს რომან გოცირიძე.
რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მათ საარჩევნო პროგრამაში წერია, რომ 4 წლის განვალობაში ბიზნესზე ზეწოლის არცერთი პრეცენდენტი არ ყოფილა. პროკურატურამ გამოძიება 191 სისხლის სამართლებრივ საქმეზე აწარმოა. 38 შემთხვევაში კანონიერ მფლობელებს 15 მილიონ ლარზე მეტი ქონება დაუბრუნდათ და გამოძიება გრძელდება 324 საქმეზე.

























