მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაუსაბუთებლად გაზრდილი ვადები, გამოუყენებელი მაგისტრალი და ბიუჯეტის არაეკონომიური ხარჯვა - კასპის აუდიტის შედეგები

კასპის მუნიციპალიტეტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კასპის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა. დოკუმენტით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტში ტენდერების მართვის, ხელშეკრულებების კონტროლისა და საბიუჯეტო სახსრების განკარგვის მიმართულებით სერიოზული ხარვეზები ფიქსირდება.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ აკონტროლებდა ხელშეკრულების პირობებს, რის გამოც ორ შემთხვევაში სამუშაოების დასრულების ვადები არაობიექტური მიზეზებით გაიზარდა. კერძოდ, მიმწოდებლებმა ვადის გადაწევა „უამინდობის“ მოტივით მოითხოვეს, რაც მერიამ დააკმაყოფილა. თუმცა, ფარული სამუშაოების აქტების შესწავლით დადგინდა, რომ რეალურად კომპანიები ნალექიან დღეებშიც ჩვეულებრივ მუშაობდნენ, რაც მოთხოვნის ფორმალურობაზე მიუთითებს.

აუდიტმა ყურადღება გაამახვილა სოფელ გრაკალში ჭაბურღილისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობის პროექტზე (ღირებულება 291.7 ათასი ლარი).

  • მიმწოდებელმა მაგისტრალის მოწყობა ჭაბურღილის დასრულებამდე განახორციელა.
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ჭაბურღილს არ ჰქონდა საკმარისი წყლის დებეტი.
  • შედეგად, ხელშეკრულება შეწყდა, ხოლო მაგისტრალის მოსაწყობად გადახდილი 18.4 ათასი ლარი არაეფექტურ ხარჯად იქცა, რადგან სისტემა ვერ ფუნქციონირებს.

გარდა ამისა, მერიამ ვერ უზრუნველყო საჯარიმო სანქციების ადმინისტრირება. ხუთი ჩავარდნილი ხელშეკრულების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებს ჯამში 221.3 ათასი ლარის ჯარიმა არ დააკისრა ან ვერ ამოიღო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ სატენდერო კომისია დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტებს დისკვალიფიკაციას კანონმდებლობის დარღვევით და არასაკმარისი დასაბუთებით ანიჭებდა.

კონკრეტული მაგალითი: 2023 წელს ჭაბურღილის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში კომისიამ პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მისცა ხარჯთაღრიცხვაში არსებული ხარვეზის გამო, თუმცა ზუსტად არ მიუთითა, რა უნდა დაეზუსტებინა კომპანიას. ტენდერის ჩაშლის შემდეგ, ხელმეორე პროცესში იმავე ფირმამ გაიმარჯვა, თუმცა უკვე უფრო მაღალი ფასით.

„შედეგად, მხოლოდ ამ ერთი შესყიდვის ღირებულება 36.1 ათასი ლარით გაიზარდა, ხოლო ჯამურმა არაეკონომიურმა ხარჯმა სამი ტენდერის შემთხვევაში მინიმუმ 46.2 ათასი ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტის მხრიდან მხოლოდ წერილობითი მიმართვები ჯარიმების ამოსაღებად უშედეგო აღმოჩნდა. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, ამ ეტაპზე დაწყებულია მუშაობა დარიცხული სანქციების იძულებითი წესით ამოღების მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები