კომპანია „რუსთავის ფოლადი“ ელოდება, რომ აშშ საქართველოს შეიყვანს იმ გამონაკლისი ქვეყნების სიაში, რომლებზეც ფოლადის იმპორტზე ახალდაწესებული იმპორტის 25%-იანი გადასახადი არ გავრცელდება. როგორც bm.ge-ს რუსთავის ფოლადში განუცხადეს, ხელისუფლებამ ყველა საჭირო დონეზე დააყენა ეს საკითხი აშშ-სთან და კომპანია დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინშია.
„ყველა ზომა მიღებულია ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება ეს თემა“,- ამბობენ კომპანიაში.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ამ ტარიფმა საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად იმოქმედა და მათ შორის მოხვდა „რუსთავის ფოლადიც“, რამდენადაც კომპანიამ აშშ-ში უნაკერო მილების ექსპორტი დაიწყო, რომლისთვისაც ქარხანა ორი წლის მანძილზე ემზადებოდა.
„რუსთავის ფოლადმა“ ტარიფების დაწესების შემდეგ მოითხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ემუშავა აშშ-სთან და საქართველოს შეღავათები მიეღო ტარიფებთან დაკავშირებით. ისეთვე, როგორიც ტრამპმა ბრაზილიას, არგენტინას, ავსტრალიას დაუწესა.