ოპოზიციურმა პარტიებმა ქუჩაში გამოსულ საქართველოს მოქალაქეებს მიმართეს, რომლებიც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნებ.
"ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, რომ ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე განაცხადა და დასძინა, რომ გუნდის სახელით ამბობს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ
"რა თუ შესვლას, ყველა მანდატზე ვამბობთ უარს და ჩავხსნით სიებს", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმაც მიმართა. როგორც მან განაცხადა, ე.წ. შავ სიების გასაჯაროებას ითხოვენ.
"ვითხოვთ, 24 საათის განმავლობაში ცესკომ სიები გაასაჯაროოს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ჩამოვშლით ამ სისტემას. ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლითაც არჩევნები მიიტაცეს. ერთ-ერთი შავი ყუთი, რომელიც ატარებს უტყუარ მტკიცებულებებს მიტაცებული არჩევნების, არის სიები, რომლის გასაჯაროებასაც ჩვენ მოვითხოვთ 24 საათში. თუ არაფერი არ გაქვთ დასამალი, ამ სიებს გაასაჯაროებთ", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა რუსთაველზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება.
"ძალიან მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რამდენიმე რამ - არავინ აპირებს, აღიაროს მამაძაღლურად ჩატარებული არჩევნების შედეგები. არავინ შევა პარლამენტში, ვინც ბარიერი გადალახა, არ ვაღიარებთ არჩევნებს და ვითხოვთ, 24 საათში გაიხსნას სიები, გვანახონ, იმ აპარატებში რა სიები იყო ჩატვირთული იმიტომ, რომ იქ იყო ძაღლის თავი, კარუსელები, დაუყოვნებლივ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და ერთხელ და სამუდამოდ, უნდა ჩატარდეს პატიოსანი არჩევნები და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვა სინამდვილეში. ერთადერთ რამეზე დაველაპარაკებით ამ ხელისუფლებას, რომ სწრაფად ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, მაგრამ უცხოური საერთაშორისო ადმინისტრირებით და არა იმ ხმის ქურდების ადმინისტრირებით”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.