„ვფიქრობ, ამ მოწვევის პარლამენტიც და მომდევნო მოწვევის არაერთი პარლამენტიც ისე დასრულდება, რომ ვერ მოაგვარებს და იკამათებს, იდავებს, ერთმანეთს დააბრალებს და არაფერი შეიცვლება არსებითად, თუ ვერ მოხერხდა აქ და ახლა ყველაზე ფუნდამენტური საკითხის მოგვარება საქართველოსთვის“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.
მისი თქმით ყველაზე მთავარი გამოწვევაა დაუყოვნებლივ დემოკრატიული რეფორმების დაწყებაა.
„მაშინ არც „ქართული ოცნებების“ მხრიდან იქნება ბრალდებები, არ იქნება ეჭვი ქართული საზოგადოების მხრიდან, არ იქნება უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, ინსტიტუტების მიმართ, ჩვენ მიმართ. ვფიქრობ, ისე შეიძლება დალაგდეს და მოწესრიგდეს პოლიტიკური სისტემა და აღდგეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობა, რასაც ახლა ამას ბევრი ჩვენგანი ვერც წარმოიდგენს. ამისთვის საჭიროა, თქვენ (რადგან თქვენს ხელშია დღეს მართვის პულტი) და ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვენი წილი პასუხისმგებლობით დავდგეთ ამ პროცესში და დავიწყოთ რადიკალური დემოკრატიული რეფორმები“, - მიმართა არმაზ ახვლედიანმა სახელისუფლებო გუნდს.
დეპუტატი ქვეყნის წარმატების საფუძველს დემოკრატიულ რეფორმებში ხედავს, რომელიც ნდობის აღდგენის მნიშვნელოვანი პირობა იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
„დემოკრატიული რეფორმები რომ ვერ დავიწყეთ ამდენი ათწლეულის განმავლობაში, ამიტომაა რომ ვორჭოფობთ უკრაინასთან მიმართებით - სიტყვით ვამბობთ, მაგრამ რეალურად, მაინცა და მაინც, იქ არ ვართ, ამიტომაა, რომ პრეზიდენტის გამონათქვამების მიმართ ეჭვი ჩნდება „ქართულ ოცნებაში“. სასამართლო, რომელიც იქნება რეალურად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. თქვენ ხომ კარგად იცით, საკმარისია ერთხელ მაინც ჩავატაროთ სამართლიანი, მიუკერძოებელი, ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები და ყველაფერი თავისთავად დაწყნარდება და დალაგდება. დამშვიდდება საზოგადოებაც, რადგან ნდობაც იარსებებს“, - მიმართა სახელისუფლებო გუნდს არმაზ ახვლედიანმა.