გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, რაც უკავშირდება ხელისუფლების მიერ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობასა და ევროინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერის უგულებელყოფას.
“საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკის მომგვრელი სცენები მიუღებელია და უნდა შეწყდეს.
ეს ქმედებები ლახავს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას ევროპული მომავლის მიმართ.
მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა.
გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას და მხარს უჭერს მათ უფლებას აირჩიონ საკუთარი ქვეყნის მომავალი", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამმი.
პარალელურად, თბილისში პროტესტის მეთორმეტე დღე მიმდინარეობს, რაც ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობის მიერ 28 ნოემბერს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 4 წლით შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. პროტესტის 12 დღის განმავლობაში სპეცრაზმმა თბილისში ასობით მომიტინგე დააკავა ადმინისტრაციული წესით, ასობით მოქალაქემ კი სპეცრაზმის მხრიდან ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.