მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავა ღორებზე - როგორ ცნო WTO-მ რუსეთის სავაჭრო შეზღუდვები უკანონოდ

5d261bef1d07a
შოთა ტყეშელაშვილი
10.07.19 21:02
2018
რუსეთის ფედერაცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) 2012 წლის 22 აგვისტოს გაწევრიანდა.

რუსეთმა WTO-ში წევრობის უფლება მოიპოვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოსგან ამის თანხმობა მიიღო, საქართველოსთვის კი თანხმობის საფუძველი გახდა ხელშეკრულება, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტვირთების მონიტორინგს შეეხება. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი დღემდე არ დაწყებულა, თუმცა ის, ამოქმედების შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილებას საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ მოაქცევს.

WTO-ში გაწევრიანების შედეგად, რუსეთმა ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებულ სარგებელთან მოიპოვა წვდომა. ეს სარგებელი კი პირველ რიგში საერთაშორისო ვაჭრობაში დავების გადაწყვეტის პროცესთან წვდომას ნიშნავს. რუსეთი WTO-ს წევრობით მინიჭებულ უფლებამოსილებას იყენებს როგორც ერთ-ერთ ბერკეტს, რომლითაც მას საგარეო ვაჭრობაზე შეუძლია გავლენის მოხდენა.

თუმცა, WTO-ს შემადგენლობაში რუსეთის ყოფნა ნიშნავს, რომ სხვა სახელმწიფოებსაც შეუძლიათ რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯები გააპროტესტონ და შესაბამის მედიაციას მიაღწიონ.

რუსეთის ფედერაციის სავაჭრო სანქციები ხშირად საკუთარი მომხმარებლების უფლებების დაცვით არის შეფუთული. განსაკუთრებით ხშირად პროდუქციის მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე ხდება აპელირება.

ერთ-ერთი პირველი ვის წინააღმდეგაც რუსეთმა ეს ტაქტიკა გამოიყენა საქართველო იყო. 2005 წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ბლოკადა დაიწყო. კრემლმა დარტყმის სამიზნედ შეარჩია ეკონომიკის სექტორი, რომელიც მასზე ყველაზე მეტად იყო დამოკიდებული - ეს სოფლის მეურნეობა იყო.

2005 წლის დეკემბერში, რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალურმა დეპარტამენტმა (როსლეხოზნადზორმა) მიკრობიოლოგიური შემადგენლობის სტანდარტების დარღვევის საბაბით, საქართველოდან რუსეთში ცოცხალი მცენარეული წარმოშობის პროდუქტების შეტანა აკრძალა. 2006 წლის მარტში კი როსსელხოზნადზორმა განაცხადა, რომ ქართული ღვინო რუსული ბაზრისთვის უვარგისი იყო და მისთვის ემბარგო დააწესა. აკრძალვა მხოლოდ 2013 წელს გაუქმდა.

2013 წელს ემბარგოს მოხსნა მოხდა ისე, რომ რუსეთმა შეინარჩუნა 2006 წლის საწყისი ჩვენება, რომ ქართული ღვინო უხარისხო იყო. ამის დემონსტრირებისთვის კი საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ბიოლოგები, რომლებმაც “ტესტირებათა” პროცესის შედეგად ცალკეულ კომპანიებს საექსპორტო ლიცენზიები მიანიჭეს.

რუსული ბაზრის გახსნა მოხდა იმის პარალელურად, რომ ქართული პროდუქცია ემბარგოს წლების განმავლობაში აკმაყოფილებდა იმ ბაზრების პირობებს, რომელთაც რუსეთთან შედარებით უფრო მკაცრი მოთხოვნები აქვთ.

მაიდანი, ღორები და WTO-ს გადაწყვეტილება:

2014 წლის იანვარში რუსეთის ფედერაციამ ღორის გრიპის ვირუსის საბაბით ევროკავშირიდან ცოცხალი ღორებისა და ღორის ხორცის იმპორტი აკრძალა. ევროპელი ფერმერებისთვის ბაზარი, რომელსაც წლიურად 1.4 მილიარდი ევროს შემოსავალი მოჰქონდა, დაიხურა.

რუსული აკრძალვის ოფიციალური დასაბუთება ეყრდნობოდა გრიპის ცალკეულ შემთხვევებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში დაფიქსირდა. თუმცა, სინამდვილეში ეს ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხო გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.

აკრძალვის დაწესება მოხდა იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციას წარუდგინა სანიტარული დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც დგინდებოდა რომ ღორის გრიპის თითოეული შემთხვევის შემდეგ, შესაბამისი საკარანტინო სამუშაოები ჩატარდა, ხორცი კი განადგურდა.

აღნიშნულ დოკუმენტებზე რუსეთის მხრიდან ნულოვანი რეაგირების შემდეგ, ევროკავშირმა საკითხის შესასწავლად ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართა.

დავა ვაჭრობაში SPS მოთხოვნების, ანუ სანიტარული და ფიტოსანიტარული მოთხოვნების დარღვევის ფაქტს შეეხებოდა.

2016 წლის აგვისტოში WTO-ს დავების განხილვის საბჭომ საკუთარი გადაწყვეტილება გამოაცხადა. ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთის მიერ აკრძალვის დაწესება ორგანიზაციის მოთხოვნათა დარღვევას წარმოადგენდა.

რუსეთმა ეს გადაწყვეტილება WTO-ს სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა. 2017 წლის 23 თებერვალს კი საარბიტრაჟო საბჭომ ძალაში თავდაპირველი გადაწყვეტილება დატოვა.

რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას აღასრულებდა, თუმცა ამისთვის გარკვეული დრო მოითხოვა. 2017 წლის 6 დეკემბერს ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სამსახურმა WTO-ს მოთხოვნის შესაბამისად, ხორცის იმპორტზე შეზღუდვა მოხსნა.

თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ევროპული ღორის ხორცისთვის რუსეთის ბაზარი არ გახსნილა, რუსეთის ფედერაცია კი ამტკიცებს, რომ WTO-ს მოთხოვნა შეასრულა.

ეს კი გამოწვეულია ფაქტით, რომ “ღორის გრიპის” საფრთხის აღსაკვეთად როსსელხოზნადზორის გადაწყვეტილება 2014 წლის იანვრით თარიღდება. 2014 წლის 7 აგვისტოს კი რუსეთის ფედერაციამ დასავლური სანქციების საპასუხოდ აკრძალა ევროპული, ამერიკული, კანადური და ნორვეგიული ხილის, ბოსტნეულის, რძისა და ხორცპროდუქტების იმპორტი.

რუსეთის ფედერაციამ გააუქმა როსსელხოზნადზორის გადაწყვეტილება, თუმცა არ შეუცვლია 2014 წლის 7 აგვისტოს დადგენილებაში არსებული ჩამონათვალი.

შედეგად, დავის მთავარი მიზანი, რაც ევროპული ღორის ხორცის რუსულ ბაზარზე დაბრუნებაში მდგომარეობდა მიუღწეველი დარჩა.

შესაბამისად, აღნიშნული საქმე ამტკიცებს, რომ WTO-ს მეშვეობით რუსეთის ფედერაციისთვის საქმის მოგება შესაძლებელია. დავა აჩვენებს იმასაც, რომ რუსეთი იყენებს მის ლეგალურ და არალეგალურ არსენალში მყოფ ყოველ იარაღს, რათა მსგავსი გადაწყვეტილებების აღსრულება გააჩეროს და გააჭიანუროს. ამის მიუხედავად, ასეთი დავები საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ უჩვენებს, რომ კრემლი სავაჭრო ურთიერთობებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები