მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავა მეიჯარესა და მოიჯარეს შორის - სასტუმრო "პანორამა გრინი" შენობის გარეშე დარჩა

5caccf115294f
ლიკა გურაბანიძე
10.04.19 09:50
1825
შპს „პანორამა გრინ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეიჯარეს 10 წლის ვადით გადაცემული საიჯარო ფართის მითვისებაში ადანაშაულებს.

როგორც bm.ge-ის კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელმა გიორგი მოსიაშვილმა განუცხადა, ფართის მფლობელმა დავით ხაჩიძემ მას 2015 წელს ოთხსართულიანი შენობა სასტუმროს განთავსების მიზნით იჯარით გადასცა.

საუბარია, ისანში დ. გელოვანის #13ა-ში მდებარე ოთხსართულიან, 14-ნომრიან სასტუმრო „პანორამა გრინ“-ზე. როგორც ჩვენთან საუბრისას გიორგი მოსიაშვილი აცხადებს, მის ყოფილი პარტნიორი და შენობის მეიჯარე ერთმანეთთან გარიგებაში შევიდნენ, რათა ცალკე მდგომი, ახალი შპს დაეარსებინათ - სწორედ ეს გახდა ორ მხარეს შორის განხეთქილების მიზეზი.

bm.ge-ის კითვაზე - ხომ არ გახდა საიჯარო ხელშეკრულების დარღვევის მიზეზი სასტუმროს დირექტორის მხრიდან თანხის გადაუხდელობა? მოიჯარე გვპასუხობს, რომ ის დავით ხაჩიძეს (მეიჯარეს) ყოველთვიურად 1 000 დოლარს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უხდიდა.

„მე საქმიდან უნდა გავსულიყავი და ჩემი წილი გაეყოთ. შემდეგ, სასტუმროს მაგივრად რას დააფუძნებდნენ არ ვიცი. ეს რომ არ გამოუვიდათ, მეპატრონემ გამოსახლებაზე სასამართლო დავა დაიწყო; ასევე, იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის ხელშეკრულების შეწყვეტაზე მიმართა. სასამართლო დავა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში დაიწყო და სასამართლომ გამოსახლების პროცესი შეაჩერა, ხოლო მეორე დავა - იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ, პირველმა ინსტანციამ ძალაში დატოვა.

მიუხედავად ჩვენი 10-წლიანი საიჯარო პირობისა, შენობის მეპატრონე 5 აპრილს შენობაში ძალით შეიჭრა. სასტუმროში ტურისტების მიერ სხვადასხვა ქვეყნიდან გაკეთებული ჯავშნების მიუხედავად, ის ადგილზე არავის უშვებს. მე ჩემი 12 თანამშრომლით გარეთ დავრჩი. ამ პირობებში სასტუმრო ვეღარ ფუნქციონირებს,“ - განაცხადა გიორგი მოსიაშვილმა.

მოსიაშვილის თქმით, პროკურატურა თავის მოვალეობას არ ასრულებს.

„პროკურატურისგან რეაგირებას ვითხოვთ, თუმცა მისი მხრიდან რეაგირება არ არის. მას რეალურად აქვს პირის დაკავების საფუძველი, რადგან შენობაში უკანონოდ შეიჭრა. ეს ქმედება ბიზნესის საქმიანობას უშლის ხელს. პროკურატურა თავის საქმიანობას არ ასრულებს. არცერთ სასამართლო კოლეგიას არ უთქვამს, რომ ეს იჯარა იქნა შეჩერებული და შპს „პანორამა გრინი“ შენობიდან უნდა გამოვიდეს,“ - აღნიშნა მოსიაშვილმა.

bm.ge შენობის მესაკუთრის დავით ხაჩიძის მხარესაც დაუკავშირდა. როგორც ხაჩიძის ადვოკატი, „ადვოკატთა ასოციაციის წევრი“ ნიკოლოზ მებაღიშვილი განმარტავს, გიორგი მოსიაშვილის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

ადვოკატის განმარტებით, შენობის მფლობელის მიერ სასტუმროდან მომსახურე პერსონალის და დირექტორის გამოყვანა კანონის ფარგლებში მოხდა, რადგან მოიჯარე მხარე ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაკისრებულ საიჯარო თანხას ვეღარ იხდიდა.

„კომპანიას დავალიანებების სახით 27 ათასი ლარი აქვს. შენობა, რომელიც იჯარის სახით შპს „პანორამა გრინს“ გადაეცა, დავით ხაჩიძის კერძო საკუთრებაა და ეს საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია.

სასამართლო გადაწყვეტილებით, იჯარის ხელშეკრულება შეწყდა. საჯარო რეესტრმა ეს ხელშეკრულება წაიკითხა და ხელშეკრულების შეწყვეტა უფლებამოსილად მიიჩნია, ხოლო სასამართლომ დაადასტურა. კერძო საკუთრება ხელშეუვალია და მე ეს საგამოძიებო ორგანოებსაც განვუმარტე, რომ ვალდებულია, დაიცვას კერძო საკუთრების უფლება, რადგან შეწყვეტილი საჯარო ხელშეკრულება კერძო საკუთრების ღირებულებას ვერ გადაფარავს.

მხარეს აქვს უფლება მისი შეხედულებისამებრ შეწყვიტოს ხელშეკრულება. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი საიჯარო ქირის გადაუხდელობა და მოიჯარის მხრიდან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება გახდა“, - აღნიშნა ნიკოლოზ მებაღიშვილმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე - შპს „პანორამა გრინის“ დამფუძნებელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ იჯარას იხდიდა, მებაღიშვილი განმარტავს, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა და გიორგი მოსიაშვილს ერთი წელია თანხა არ გადაუხდია.

რაც შეეხება თანამშრომლების უფლებების დარღვევის საკითხს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლები მუშაობას, ეს შპს „პანორამა გრინის“ პასუხისმგებლობის საკითხია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები