მეექვსე დღეა, რაც საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული ე.წ. “ტურისტული ემბარგო” მოქმედებს. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეჩერებულია.
რუსეთში უკვე გაკეთდა მოწოდებები, რომ საქართველოსთან დაწესდეს კონკრეტული სავაჭრო შეზღუდვები და შეჩერდეს ფულადი გადარიცხვები. ამ მოწოდებას რუსეთის პრეზიდენტი “ქართველ ხალხზე ზრუნვის” მოტივით გაემიჯნა და თქვა, რომ ამ ეტაპზე ეს სანქციები მიზანშეწონილი არ იქნებოდა.
საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ არსებულ ვითარებაში აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობა უკვე დაწესებული სანქციების წინააღმდეგ, დავების გადაწყვეტის ისეთ საერთაშორისო პლატფორმებზე როგორიცაა - WTO და ICAO საკუთარ სარჩელებს ამზადებდეს.
“ორივე ორგანიზაციაში არის ძალიან კარგად და ნათლად ჩამოყალიბებული ინსტრუმენტები ორმხრივი დავების გადაწყვეტისთვის. სხვათა შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ეს ორმხრივი დავა შეიძლება მრავალმხრივ დავაში გადაიზარდოს, გააჩნია თუ რა ტაქტიკას აირჩევს საქართველოს მთავრობა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობას არც ტაქტიკა და არც სტრატეგია არ გააჩნია,” - ამბობს ჩეჩელაშვილი.
ყოფილი ელჩი ასახელებს იმ საფეხურებს, რომელთაც ამ ორგანიზაციებში მიმდინარე დავები გადიან. თავდაპირველად სარჩელები ე.წ. “არაფორმალური დისკუსიების” რეჟიმში განიხილება. მის ფარგლებში მოდავე ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები მართავენ საუბრებს. იმ შემთხვევაში თუ არაოფიციალური კონსულტაციები უშედეგო აღმოჩნდება, შემდეგ იწყება ოფიციალური კონსულტაციების ფორმატი.
“აქ ერთვება WTO-ს გენერალური მდივანი, როგორც შუამავალი. მინდა ვთქვა, რომ ამ კონსულტაციებს ზოგადად ძალიან კარგი შედეგი გამოაქვს, ძალიან დიდი რაოდენობა ამ დავების გვარდება ამ მეორე ეტაპზე.
ფორმალური კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, თუ რუსეთი არ დათანხმდა იმას, რომ მოხსნას ეს უკანონო შეზღუდვები ჩვენი ავიაკომპანიებისთვის, მაშინ ეს გადადის დავების პანელზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მაგრამ იქ გაცილებით დიდი შანსი გვაქვს ჩვენ მოგების, ვინაიდან წინა ეტაპები გვექნება გავლილი და შესაბამისად, განწყობაც იქნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შექმნილი.
თუ ჩვენ გავიმარჯვეთ არბიტრაჟში, მაშინ პრაქტიკიდან გამომდინარე, წაგებულ მხარეს ეძლევა გონივრული ვადა, ეს დაახლოებით, 15 თვეა, იმისთვის, რათა გამოასწოროს თავისი შეცდომები. 15 თვე არის აღებული იმიტომ, რომ რიგ შემთხვევებში საქმე გვაქვს რაღაც კანონმდებლობის შეცვლის აუცილებლობასთან, ამ შემთხვევაში ეს საქმე განსხვავებულია - პუტინმა ცალსახად მიიღო გადაწყვეტილება და ეს გააუქმა. ამიტომ, როგორც გააუქმა, ისევე შეიძლება ამ გაუქმების უკან წაღება, მაგრამ თუ ქვეყანა არ ასრულებს ამას - 90% ქვეყნების თანხმდება იმ შედეგბს, რაც გამოაქვს ოფიციალურ კონსულტაციებს, მაგრამ თუ არ დათანხმდა, მაშინ შესაძლოა ამ ქვეყნის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ დააწესოს შესაბამისი სანქცია", - ამბობს ჩეჩელაშვილი.
დიპლომატი აღნიშნავს, რომ ასეთი დავა რუსეთის ფედერაციისთვის იქნებოდა კიდევ ერთი სიგნალი, რომ მას ადე თუ გვიან საკუთარი ნაბიჯებისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ამგვარი წნეხის არარსებობის პირობებში, კი რუსეთს საქართველოსთვის უფრო თამამად შეეძლება ეკონომიკური ემბარგოს დაწესება.

























