საგადასახადო დავალიანებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება. რა იცვლება საწარმოებისთვის კანონპროექტის მიხედვით, გადაცემაში „საქმის კურსი“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი საუბრობს.
-ბატონო ცოტნე, საწარმოებისთვის ახალი კაონონმდებლობის მიხედვით ტექნიკურად რა იცვლება?
-საგადასახადო რესტრტუქტურიზაციის შესახებ კანონმდებლობა 1998 წელს მიიღეს და ეს მაშინ მუდმივი გადასახადიდან გამომდინარე იყო, ვინაიდან საგადასახადო ვალდებულებები მუდმივად დგება ბიზნესის წინაშე. რესტრუქტურიზაციის საჭიროების ალბათობა არსებობს. კანონმდებლობა 2004 წელს გადამუშავდა და ამ კანონში უკვე სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ საკითხების რეგულაციის ნაწილი ჩაიდო და იქ უკვე კონკრეტული ვადები განისაზღვრა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო ვალდებულებები მუდმივად არსებობს ბიზნესის წინაშე, ასევე სახელმწიფოს სესხებს რაც შეეხება, სახელმწიფო კანონმდებლობით უფლებამოსილია სესხები გასცეს და აქედან გამომდინარე, ამ კანონის არსებობის მუდმივობის საჭიროება ჩანდა თუნდაც იქ, რომ კანონში ამ მიმართულებით ცვლილებები უკვე მეხუთედ ხორციელდება. ვადა ყოველთვის იზრდებოდა ხოლმე და ახლა გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეს კანონი მუდმივად არსებობდეს. იმისთვის, რომ ბიზნესს შესაძლებლობა ჰქონდეს, რესტრუქტურიზაციის ნაწილში, თუ მან ვერ შეძლო კონკრეტული ბაზრის ახალ პირობებთან შეგუება იმ მომენტისათვის, მას ხელი შევუწყოთ.
-დავალიანებების რესტრუქტურიზაცია რა პირობებით მოხდება, ამ კუთხით საწარმოებისთვის რამე იცვლება?
-კანონი შინაარსობრივად არ იცვლება, უბრალოდ უქმდება ის ერთი მუხლი, რომელიც ვადას ზღუდავდა საგადასახადო და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით საბუთების წარდგენაზე. ფინანსთა სამინისტროს, კერძოდ სახაზინო სამსახურს მუდმივად ექნება შესაძლებლობა მომავალში ამის საჭიროების არსებობის შემთხვევაში მიიღოს საბუთები რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. კანონის დამტკიცების შემდეგაც იგივე მოთხოვნები იქნება, რაც ასრებობდა აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე.
-კომისია არსებობს და როგორ განიხილავს იგი საკითხებს და თითოეულ ქეისზე თუ მსჯელობს?
-კომისიის შეკრების კონკრეტული ვადები არ არსებობს. საკითხების არსებობიდან გამომდინარე, კომისიის მოწვევის საჭიროება დგება და შემდეგ უკვე ეს საჭიროება განსაზღვრავს პერიოდულობას. მაგალითად, 2016 წელს კომისია სულ 2-ჯერ შეიკრიბა, თუმცა იყო წლები, როდესაც შესაძლებელი იყო 5-ჯერ და 6-ჯერაც განხორციელებულიყო კომისიის შეკრება. შეკრების საჭიროება საკითხის დაყენების სიხშირიდან გამომდინარეობს.
-თავად კომპანიებმა ვის და როგორ უნდა მიმართონ, რა საბუთების წარდგენა სჭირდებათ ამისთვის?
- კანონში საბუთების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია გაწერილი. ამ საბუთებთან დაკავშირებით მათ ყველანაირი ინფორმაცია უნდა მოაგროვონ და ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში უნდა წარმოადგინონ. შემდეგ სახაზინო სამსახური ამ ინფორმაციას დაამუშავებს. ჩვენ უშუალო კონტაქტი გვაქვს თვითონ წარმომდგენლებთან ინფორმაციის დახვეწის ნაწილში და შემდეგ უკვე ინფორმაციის სრულყოფის შემთხვევაში კომისიის მოწვევა ხდება და საკითხის განხილვის ნაწილის ჩანიშნვა. დეტალურად უნდა იყოს განმარტებული თუ რამ გამოიწვია დავალიანების დაგროვების ნაწილი და ასევე მნიშვნელოვანია, როგორ აპირებს რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში იმ სირთულეებს დააღწიოს თავი, რა სირთულეებითაც მოგვაკითხა ბიზნესმა. ამ ნაწილის წარმოდგენა კონკრეტულად ფინანსთა სამინისტროში ხდება და შემდეგ უკვე კომისია რეკომენდაციის სახით გადაწყვეტილებას იღებს, რათა მთავრობას რესტრუქტურიზაციის რეკომენდაცია გაუწიოის.
-მიმართვების რაოდენობის სტატისტიკა თუ გაქვთ, მაგალითად 2017 წლის 1 იანვრამდე რა რაოდენობის მიმართვები შემოვიდა? საშემოსავლო ნაწილში ბიუჯეტის რა ცვლილებებს გამოიწვევს აღნიშნული ცვლილებები, რომელიც ვადებს შეეხება?
-საშემოსავლო ნაწილში შესაძლებელია ბიუჯეტის შემოსულობებზე ჰქონდეს გავლენა, თუმცა ვინაიდან ეს საწარმოები უკვე პრობლემების ქვეშ არიან კონკრეტული მომენტისათვის და თავიანთ სასესხო ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, ამ მიმართულებით კონკრეტული წლის ბიუჯეტისთვის შეგვიძლია, მყარად ვთქვათ, რომ შემოსავლების ნაწილში რაიმე სახის გავლენა არის მინიმალური. ხაზი მინდა გავუსვა, რომ რესტრუქტურიზაციის ეს ინსტრუმენტი ძირითადად ემსახურება იმას, რომ ბიზნესებს შესაძლებლობა მივცეთ, თავიანთი მდგომარეობა გააუმჯობესონ, გადარჩნენ, როგორც ბიზნესები და იფუნქციონირონ როგორც წარმატებულმა საწარმოებმა.

























