ჩვენ დავძლევთ ამ უიღბლო და წარუმატებელ ნაბიჯს, რომლითაც ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალციხეში მომხდარი იყო საოცრად დიდი დარტყმა, სასიცოცხლო რისკი, რომელსაც მსოფლიო უნდა გაუმკლავდეს, არის პანდემია.
„ვაქცინასთან დაკავშირებულ სარგებელზე დღეს ყველანი ვთანხმდებით და იმედია, ვაქცინის სარგებელი ამ რისკებს მთლიანად გადაწონის. ყველა დაკარგული სიცოცხლე არის ტრაგედია, მაგრამ როცა ეპიდემიაზე ვსაუბრობთ, აქ უნდა ვისაუბროთ მოსალოდნელ სარგებელზეც და იმაზე, თუ რამდენ სიცოცხლეს გადავარჩენთ, თუ ყველა ჩვენგანი გაიკეთებს ვაქცინას. ისევდაისევ, რისკების მაქსიმალური დაცვით, უსაფრთხოების ნორმების მეტად გაძლიერებით, ჩვენ დავძლევთ ამ პირველ ასეთ წარუმატებელ, უიღბლო ნაბიჯს, რომლითაც პროგრამა დაიწყო. გვექნება ძალა და გონიერება, მივიყვანოთ მიზნები იქამდე, რომ შეიქმნას ერთიანი დაცვის ფენა ქვეყანაში, რათა დავიცვათ უამრავი სიცოცხლე“, - განაცხადა გაბუნიამ „იმედის“ ეთერში.
შეგახსენებთ, შემთხვევა 18 მარტს, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში მოხდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 27 წლის ექთანმა, მეგი ბაქრაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაიკეთა აცრა, რის შემდეგაც, დაახლოებით 30 წუთში, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისივე თქმით, მომხდარის შესწავლა მიმდინარეობს და აცრასთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე საუბარი ჯერ ნაადრევია. გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ნებისმიერ ვაქცინას თანამდევი რეაქცია მოჰყვება და ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა ან ანაფილაქსიური რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი.
27 წლის მეგი ბაქრაძე კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინვე გადმოიყვანა და ის დღეს, 12:00 საათზე გარდაიცვალა.




























