შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ Colliers International Georgia-ს საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სატენდერო კომისიას, საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვა დაავალა.
საუბარია, ბათუმის სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობის ტენდერზე, რომელშიც Colliers International Georgia ჯერ გამარჯვებულად დასახელდა, მოგვიანებით კი 3 კომპანიის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე, სატენდერო კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მანამდე, ამავე კომისიამ, სამ კომპანიას - შპს "მშენტექზედამხედველი-ნიკოლოზ ბოკუჩავას", შპს "ოიკო ჯგუფს" და შპს "ტრიჯიტის" საჩივარზე უარი უთხრა, მოტივად კი ის დასახელდა, რომ არცერთ მათგანს ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, არც მათი კანონიერი ინტერესი დაირღვეოდა.
შპს "სტადიონის" სატენდერო კომისიას სწორედ იმ გადაწყვეტილების გადახედვა მოუწევს, რომლითაც "კოლიერსის" გამარჯვება გააუქმა.
"საქმის გარემოებებიდან იკვეთება, რომ არ არის მიღწეული საქმის გარემოებების გამოკვლევისა და გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ის სტანდარტი, რომელიც საჭიროა სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისთვის, კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია ყველა გარემოება“,-ნათქვამია დავების საბჭოს გადაწყვეტილებაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 20 000 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობაზე ზედამხედველი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი მარტის თვეში გამოცხადდა. საწყისი ფასი 3,5 მილიონი ლარი იყო, თუმცა, "კოლიერსმა" შემსყიდველს 2,8 მილიონი შესთავაზა.
UEFA-ს მე-4-ე კატეგორიის სტადიონის მშენებლობას კომპანია "ანაგი" ახორციელებს, რისთვისაც 99, 4 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

























