შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ, კომპანია ,,ზიმოს“ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და ტენდერიდან მისი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. კომპანია ინფრასტრუქტურის სამინისტროს 5 ტენდერს ასაჩივრებდა, რომელთა ჯამური ღირებულება 23 მილიონ ლარს აღწევს, მათ შორისაა მცხეთაში, მდინარე მტკვარზე ხიდის მშენებლობისა და სნო-ჯუთა, როშკა, შატილი, ომალოს მიმართულებით გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერები. დისკვალიფიკაციის მიზეზი ,,ზიმოს“ ქონებაზე (ავტოსადგომებზე) სასამართლოს განჩინებით დადებული ყადაღაა, სამინისტროს კი სატენდერო პირობებში ცალსახად ედო პირობა, რომ ტენდერებში მონაწილე კომპანიის ქონება და ანგარიშები სადაო არ უნდა ყოფილიყო. ,,ზიმო“ სარჩელში ამტკიცებდა, რომ დავა სულ რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების იყო და ტენდერის პირობების შესრულებას ეს ხელს ვერ შეუშლიდა, თუმცა ეს მოსაზრება შემსყიდველმა და დავების საბჭომ არ გაიზიარეს. სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს პირობა ტენდერებში უკვე წელიწადზე მეტია უდევთ და მისი მიზანია მაქსიმალურად გამოირიცხოს სამუშაოების შეუსრულებლობის რისკი. დავების საბჭოში ჩათვალეს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტენდერის პირობებში ამ მოთხოვნის ჩადების უფლება აქვს და ის არ არის დისკრიმინაციული ხასიათის. ,, ის გარემოება, რომ მომჩივანი ორგანიზაცია ვერ აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის ზემოხსენებული პუნქტით დაწესებულ მოთხოვნას, ცალსახად არ ადასტურებს აღნიშნული მოთხოვნის დისკრიმინაციულ და კონკურენციის შემზღუდველ ხასიათს.“-ნათქვამია დავების საბჭოს გადაწყვეტილებაში.
კომპანია ,,ზიმო“, ის ერთ-ერთ მსხვილ კომპანიად ითვლება და ჯამში სხვადასხვა დროს 100 მილიონამდე ლარის ღირებულების სახელმწიფო დაკვეთა აქვს შესრულებული, ძირითადად აჭარის ტერიტორიაზე. მისი მსხვილი დამკვეთი იყო ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტიც და ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომლის კუთვნილი გიგანტური ხეების გადატანის სამუშაოებს ასრულებდა. კომპანია 2010 წელსაა დაფუძნებული.