მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავების საბჭომ "სიტროენის" გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და "ფიატის" იმპორტიორი ტენდერიდან მოხსნა

581b779071612
სალომე მეცხვარიშვილი
03.11.16 21:44
7923
საქართველოში „ფიატის“ ოფიციალური იმპორტიორი „სტადა მოტორსი“ ერთ-ერთი ტენდერიდან დისკვალიფიცირებულია. შესაბამისი გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ კომპანია „სიტროენის“ საჩივრის საფუძველზე მიიღო.

„სიტროენი“ „სტრადა მოტორსის“ ტენდერიდან მოხსნას ტენდერის ჩატარების წესის დარღვევის გამო ითხოვდა. "სიტროენის" საჩივრის მიხედვით, "ფიატის" ოფიციალური იმპორტიორის სატენდერო დოკუმენტაცია მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, შესაბამისად, სსიპ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში „სტრადა მოტორსის“ გამარჯვებულად გამოცხადება არასწორად მოხდა.

კერძოდ, საჩივარში აღნიშნულია, რომ „ფიატის“ ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ შეთავაზებული ავტომობილის მოდელს არ ჰქონდა გავლილი უსაფრთხოების ტესტი, რაც სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო, კომპანიას ასევე არ ჰქონდა წარმოდგენილი სრული დოკუმენტაცია. მიუხედავად დარღვევებისა, კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვება შეძლო.

შედეგად, შესყიდვების სააგენტომ ტენდერი გაბათილებულად გამოაცხადა, ხოლო „სტრადა მოტორსის“ დისკვალიფიკაცია მოახდინა. დავების საბჭოს გადაწყვეტილება "ბიზნესკონტრაქტს" "სიტროენმა" მიაწოდა.

დავების საბჭოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სატენდერო დოკუმენტაცია კონკრეტულად იყო მორგებული ერთი მოდელის ავტომობილზე, „სტრადა მოტორსის“ გამარჯვებულად გამოცხადება კი მოხდა არაობიექტურად.

„სიტროენმა“ დავების საბჭოს შესაბამისი საჩივრით რამდენიმე დღის წინ მიმართა. საბჭოს სხდომა დაახლოებით ერთი კვირის წინ გაიმართა, სადაც მხარეებმა საკუთარი არგუმენტები წარმოადგინეს.
„სიტროენმა“ დავების საბჭოს მის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების შემდეგ მიმართა, სადაც საუბარი იყო, რომ ტენდერებში ავტოიმპორტიორები შეთანხმებულად მოქმედებენ და ერთმანეთს კონკურენციას არ უწევენ.

დღეს "სიტროენის" დამფუძნებელი გიორგი შარაშიძე „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, რომ დავების საბჭოს გადაწყვეტილება კომპანიის ერთ-ერთი პირველი გამარჯვებაა, რადგანაც კომპანია ბაზარზე კონკურენციის აღსადგენად ყველა უწყებას მიმართავს.

„დავების საბჭოს ასეთ გადაწყვეტილებას ველოდებოდით. დარწმუნებული ვართ, რომ როგორც შესყიდვების სააგენტო, ასევე სრულად სახელმწიფო თავად არის მოტივირებული, რომ ბაზარზე იყოს კონკურენცია და არ იყოს ბაზარი დაკეტილი, ხოლო საბიუჯეტო თანხები არ იხარჯებოდეს არამიზნობრივად.

ქართულ ბაზარზე არის ძირეული პრობლემები და ამ პრობლემებს ერთი საჩივრით ვერ გადავჭრით, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი გამარჯვება შედგა. ამას მოჰყვება გამარჯვევების კასკადი და საბოლოოდ, მივალთ იქამდე, რომ ბაზარი გაჯანსაღდება და მივიღებთ კონკურენტულ გარემოს“,- აცხადებს „ბიზნესკონტრაქტთან“ გიორგი შარაშიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები