აშშ-ში საქართველოს საელჩოში შეხვედრა გაიმართა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულულფებიან ელჩს დავით ბაქრაძესა და „Open government Partnership”-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ჯო პაუელს შორის.
ჯ. პაული მ.წ. 3 აპრილის კვირაში საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს შეეხო და ელჩს განუახლა ინფორმაცია ვიზიტის შედეგების შესახებ. აქვე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ღია მმართველობის სფეროში საქართველოს სამაგალითო წარმატებას.
Open government Initiative-ს საქართველო 2011 წლის სექტემბრიდან შეუერთდა, მალევე დაწინაურდა და გახდა საზედამხედველო კომიტეტის წევრი, რაც მას საშუალებას აძლევს, როტაციული წესით, 2018 წელს არჩეულ იქნას ინიციატივის თავმჯდომარე ქვეყნად. აქამდე ეს შესაძლებლობა მხოლოდ დიდი ოცეულის (G20) ქვეყნებს ეძლეოდათ. ამჟამად OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთია.
ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. ინიციატივა ასევე გულისხმობს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას იმისათვის, რომ მთავრობები უფრო ღია, ეფექტური და ანგარიშვალდებული გახადოს, რაც მოიტანს საზოგადოებრივი რესურსების უფრო ეფექტიან მართვას და ინკლუზიურ განვითარებას. ინიციატივას საფუძველი ჩაეყარა რვა დამფუძნებელი მთავრობის მიერ, რომელთა შორის იყო აშშ და დიდი ბრიტანეთი.

























