ქონებაჩამორთმეულ ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილს ქონება იურიდიულად ამ დრომდე არ დაბრუნებია. Bm.ge-სთან საუბარში ბიზნესმენი აცხადებს, რომ ხელშეკრულება ქონების დაბრუნების თაობაზე ჯერ კიდევ 2015 წელს გაფორმდა, თუმცა, იურიდიული პროცედურები ამ დრომდე დასრულებული არ არის. მიუხედავად ამისა ბიზნესმენი კომპანია "ალბატროსში" საქმიანობას აგრძელებს და მაღაზია 2015 წლის შემდეგ ფუნქციონირებს.
დავით ბეგიაშვილის განმარტებით, ის, რომ კომპანია იურიდიულად მის საკუთრებაში არ არის, მისი ბიზნესის განვითარებას აფერხებს.
"ახალი გეგმები გვაქვს, ახალ ბრენდებთან გვინდა მოლაპარაკება, მაგრამ ამ გაურკვევლობის გამო ვერ ვვითარდებით",- აცხადებს დავით ბეგიაშვილი.
კითხვაზე, რატომ არ მოხდა ამ დრომდე ქონების მისთვის გადაფორმება, ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენი ამბობს, რომ ყოველ ჯერზე ბიუროკრატიულმა ბარიერებმა და ეკონომიკის სამინისტროში ხელმძღვანელი პირების ცვლილებამ შეუშალათ ხელი.
მისი თქმით, ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2015 წელს გიორგი კვირიკაშვილის მინისტრობის პერიოდში მიიღო, თუმცა, მაშინვე გადაწყდა, რომ ქონება სასამართლოს უნდა დაემტკიცებინა დავით ბეგიაშვილისთვის.
ბიზნესმენი ყვება, რომ სასამართლომ აღნიშნულზე გადაწყვეტილება არ მიიღო, რამდენადაც შესაძლებელი იყო მოლაპარაკება ორ მხარეს შორის მათ გარეშეც შემდგარიყო.
„მერე დაბრუნდა ეს საქმე ეკონომიკის სამინისტროში, თქვეს, რომ მთავრობაზე უნდა გაეტანათ. მაშინ ღარიბაშვილი იყო პრემიერი. მთავრობას ჩვენც მივწერეთ და გვიპასუხეს, რომ ეს ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა იყო. ამ მომენტში შეიცვალა ეკონომიკის მინისტრი და პრემიერი გახდა გიორგი კვირიკაშვილი“,- აცხადებს ბეგიაშვილი.
მისივე თქმით, იგივენაირად გაჭიანურდა საქმე როგორც დიმიტრი ქუმსიშვილის, ასევე გიორგი გახარიას ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში.
ქონებაჩამორთმეულ ბიზნესმენებსა და კონკურეტულად დავით ბეგიაშვილზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასულ კვირას პარლამენტში ისაუბრა. მისი განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაიბრუნოს და ამ საკითხს ის პირადად დაუბრუნდება. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ქონებაჩმორთმეული ბიზნესმენების საქმეებზე ხელისუფლებამ საკმარისი ვერ გააკეთა.

























