პარლამენტის წევრ დავით ჭიჭინაძის აზრით, კანაფის კულტივაციასთან და ექსპორტთან დაკავშირებული კანონის მიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „სახლში გაშვებას“ გამოიწვევს.
როგორც bm.ge-ის ჭიჭინაძემ განუცხადა, ის არ აპირებს შს მინისტრ გიორგი გახარიას უწყების ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
„ამ კანონპროექტს მხარს ნამდვილად არ დავუჭერ. 2012 წლიდან მოყოლებული, არცერთ საარჩევნო პროგრამაში არ მინახავს მსგავსი ჩანაწერი. განახლებული მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაშიც ერთი სიტყვა არ ეწერა კანაფის ექსპორტზე... ამ კანონს მომავალი არ აქვს და მისი მიღება გამოიწვევს ამ ხელისუფლების სახლში გაშვებას, ამაში დარწმუნებულ ვარ“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
Bm.ge-ის რეპლიკაზე - კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონის მიღებაში ბიძინა ივანშვილის ბიზნეს-ინტერესები იკვეთება, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა:
„არ აქვს მნიშვნელობა ვისი ბიზნეს-ინტერესები იქნება; მასე ხვალ რომ ივანიშვილს მონობით ვაჭრობის ინტერესი გაუჩნდეს ან იარაღით ვაჭრობის რა...“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ „სოციალური შეთანხმების გარეშე ნებისმიერი კანონი მკვდრადშობილია“.
„ზოგადად, ხალხმა უნდა მოიწონოს ნებისმიერი კანონი, რადგან კანონი მუშაობს მაშინ, როცა ხდება სოციალური შეთანხმება. თუ არ ხდება სოციალური შეთანხმება, ნებისმიერი კანონი მკვდრადშობილია. ვფიქრობ ეს იმდენად პრინციპული საკითხია, რომ ერთმა და ორმა მთავრობამ კი არა, ხუთმა მთავრობამ რომ შემოიტანოს, ხუთივე მთავრობა გადაჰყვება“, - განაცხადა დეპუტატმა.

























