მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დავით ჯანდიერი დავკითხე და თქვენ რას გიზამთ?! - ეს აჩვენა სუს-მა ახალგაზრდა ადვოკატებს" - ზაზა ხატიაშვილი

ზაზა ხატიაშვილი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის შეფასებით, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატ დავით ჯანდიერის გამოკითხვაზე დაბარება შემაშფოთებელი ფაქტია.

„დავით ჯანდიერი დავკითხე და თქვენ რას გიზამთ“ - ეს აჩვენა სუსმა ახალგაზრდა ადვოკატებს“ - ასე ხსნის ზაზა ხატიაშვილის სუს-ის გადაწყვეტილებას, მოწმის სახით გამოკითხვაზე დაებარებინა დავით ჯანდიერი იმ საქმეზე, სადაც მას ადვოკატის სტატუსი აქვს.

„რატომ მგონია, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს გაუვიდა ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა, ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობა წარსულს ჩაჰბარდება?! - მოგეხსენებათ, დავით ჯანდიერი საკმაოდ ცნობილი ფიგურაა; ის იყო იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე „ქართული ოცნების“ მთავრობაში; ასევე, მონაწილეობდა და ლომის წვლილი შეიტანა „გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის განაჩენში [ევროპულმა სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მეორე მუხლი - სიცოცხლის უფლების პატივისცემის შესახებ]

და რა გააკეთა სუს-მა? ახალგაზრდა ადვოკატებს აჩვენა, რომ აი, დავით ჯანდიერი დავკითხე და თქვენ რას გიზამთ?! ასეთი სიბინძურე და ეშმაკობაა ჩადებული ადვოკატ დავით ჯანდიერის გამოკითხვაში. მე დათოს დავურეკე და ვუთხარი, რომ თუ შენ მოგინდება ამ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩათვალე, რასაც ვაკეთებდი წლების მანძილზე, როცა ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ახლაც გავაკეთებ და დავდგები შენ გვერდით, რადგან ადვოკატის გამოკითხვაზე დაბარება სახიფათო პრეცედენტია“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ „წერტილთან“ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა რატომ დაირღვა დავით ჯანდიერის გამოკითხვაზე დაბარებით სამი სხვადასხვა კანონი. მისივე შეფასებით, კანონი დაარღვია მოსამართლემაც, რომელმაც დავით ჯანდიერის გამოკითხვაზე სუს-ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ, სუს-მა გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი, მოწმის სახით, გამოკითხვაზე დაიბარა. ჯანდიერი სუს-ში არ მივიდა და თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან 12 ოქტომბერს გამოიკითხა. როგორც ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დავით ჯანდიერთან კითხვები პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის გიორგი ქემოკლიძის საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა - იცნობდა თუ არა მას. დავით ჯანდიერის თქმით, ასევე იყო კითხვები გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, თუმცა თანმლებმა ადვოკატებმა, რომლებიც ამჯერად კოლეგის უფლებებს იცავდნენ, არ მისცეს უფლება კითხვებზე პასუხი გაეცა, რადგან უკანონოა ადვოკატს კლიენტთან დაკავშირებული კითხვები დაუსვა. სუსის ვერსიით, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა „პირადმა ფინანსისტმა“ გიორგი ბაჩიაშვილმა ციხეში საკუთარი თავის ცემის ინსცენირება დაგეგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები