მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს

კაჭარავა

დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა. საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, 26 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად, კავშირის პრეზიდენტად კაჭარავა 57 ხმით აირჩიეს 58-დან. მისი კანდიდატურა კავშირის ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.

აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემალაძე ჩაანაცვლა, რომელსაც რაგბის კავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ რაგბიში 4-წლიანი წარმატებული პერიოდი ჰქონდა.

"2021 წლიდან დღემდე, იოსებ ტყემალაძის მიერ განხორციელებული რეფორმებისა თუ ინოვაციების შედეგად, საქართველოს ყველა ფორმაციის ნაკრებმა არნახული პროგრესი განიცადა. ასევე, გაღრმავდა ურთიერთობები როგორც მსოფლიო რაგბთან, ასევე ექვსი ერისა და რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის მმართველ ორგანოებთან. ახლა კი ამ საქმეს დავით კაჭარავა გაუძღვება",- აღნიშნულია რაგბის კავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ 40 წლის დავით კაჭარავამ მოთამაშის კარიერის განმავლობაში მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა.

"მისი სანაკრებო დებიუტი 2006 წელს შედგა და ბორჯღალოსნების კვართით ყველაზე მეტი - 122 კეპი აქვს მოხვეჭილი, გატანილი ლელოების რაოდენობით კი გუნდის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს (25 ლელო). კაჭარავა 4 მსოფლიო თასის მონაწილეა (2007, 2011, 2015 და 2019), რაგბი ევროპის ჩემპიონატი კი 11-ჯერ მოიგო.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ის რაგბში დარჩა და უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ახალ პოზიციაზე კაჭარავას საქმიანობა სრკ-ის სტრატეგიული და საორგანიზაციო მიმართულებების კოორდინაციას მოიცავს. პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი ხედვები მოიცავს, მათ შორის, ახალგაზრდული რაგბის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სამწვრთნელო რესურსების გაძლიერებას.

საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს და წარმატებულ თანამშრომლობას უსურვებს არჩეულ პრეზიდენტს",- წერია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, დავით კაჭარავა სპორტიდან პოლიტიკაში 2020 წელს წავიდა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებზე, "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სიის პირველ ოცეულში შეიყვანა, რის შემდეგაც X მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. ის ასევე იყო "ოცნების" 2024 წლის საარჩევნო სიაში და XI მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები