„ხუდონჰესის“ ინვესტორი კომპანია „ტრანს ელექტრიკას“ ტექნიკური დირექტორის დავით მირცხულავას ინფორმაციით, მთავრობამ „ხუდონჰესის“ ფინანსურ მოდელებს გადახედა, თუმცა რა არის ამ პროცესის შედეგი, უცნობია.
იქიდან გამომდინარე, რომ გასულ წელს, ენერგეტიკის მინისტრის რანგში კახა კალაძემ „ხუდონჰესის“ პროექტის სახელმწიფოს მიერ განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრა, BM.GE დაინტერესდა, ამ ხნის განმავლობაში შეიცვალა თუ არა ინვესტორი, ან პროექტში სახელმწიფო, როგორც ჰესის ერთ-ერთი მესაკუთრე თუ ჩაერთო.
„დღეს ისევ „ტრანს ელექტრიკაა“ ამ პროექტისა და ყველა იმ სამუშაოს მფლობელი, რაც ამ წლების განმავლობაში ჩატარდა - დაწყებული გეოლოგიური, სეისმური, თუ გარემოს დაცვითი საკითხების შესწავლებით“, - განაცხადა დავით მირცხულავამ და აღნიშნა, რომ პროექტზე ამ და სხვა სახის სამუშაოები 2016 წლის ბოლოდან შეჩერდა.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რაც „ხუდონჰესისა“ და სხვა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პროტესტს უკავშირდება, დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ მთავრობამ ამ განწყობების საფუძველი დეტალურად უნდა შეისწავლოს.
„ეს ფონი, გამოწვევა, არის შესასწავლი. ჩვენი ძირითადი რესურსი ჰიდრორესურსია და ეს დარგი ფაქტიურად, მთლიანად პარალიზებულია. ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჰიდრორესურსის ათვისება. რეალურად, დღეს ტემპი ძალიან დაბალია. ფაქტიურად, არცერთი მნიშვნელოვანი სადგური დღეს ქვეყანაში არ შენდება. აქ მხოლოდ დიდ ჰესებზე არ არის ასაუბარი. მცირე ჰესებზეც ჩვენთან, განურჩელად, ერთი და იგივე შეფასება ისმის, რომ მოსახლეობა და გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან“, - განაცხადა მირცხულავამ.
ჰიდრორესურსების მნიშვნელობაზე საუბრისას ენერგეტიკოსმა საერთაშორისო მაგალითები მოიყვანა, მათ შორის, იაპონიის.
„მსოფლიოში ქვეყანას ვერ ნახავთ, სადაც ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი არსებობდეს და მას სახელმწიფო ვერ ითვისებდეს, ან არ ითვისებდეს. მაგალითად, იაპონიაში წელს კიდევ ასი, წყალსაცავიანი ჰიდროელქტეროსადგური შენდება; შვეიცარიაში ათასამდე წყალსაცავი და კაშხალია, ამიტომ ამ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება, მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემაა, მაგრამ ამას მაინც ძირეული შესწავლა უნდა - ხომ არ იმართება გარკვეული ძალების მიერ ის, რომ ჩვენ მუდმივად ვიყოთ დამოკიდებულები იმპორტზე“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მიხედვით „ხუდონჰესის“ დადგმული სიმძლავრე 702 მგვტ-ია. წლის განმავლობაში კი ჰესმა 1500 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია უნდა აწარმოოს.