მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით მირცხულავა: "ხუდონჰესის" პროექტზე მთავრობას ახალი წინადადებები აქვს

5c138ed41ae9a
დათო ჯალაღონია
14.12.18 15:16
2108
"ხუდონჰესის" ტექნიკური დირექტორის დავით მირცხულავას ინფორმაციით, მთავრობა მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განახლებაზე ინტენსიურად მუშაობს.

როგორც მირცხულავამ BM.GE-ს განუცხადა, სამომავლოდ პრიორიტეტულ ჰიდროელექტროსადგურებს შორის მთავრობა "ხუდონჰესსაც" განიხილავს.

"ყველა იმ პროექტს, რომელზეც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მწვანე შუქი მიეცემა. მე ასე მგონია. ამის შესახებ დაპირებები არის და ამ მიმართულებით ენერგიული ნაბიჯები უახლოეს მომავალში უნდა გადაიდგას. მე ყველა პროექტზე ვსაუბრობ - აქ არის ნამახვანიც, ნენსკრა ჰესი და ა.შ", - განაცხადა მირცხულავამ.

კითხვაზე, რა ფინანსური მოდელი შეიმუშავა მთავრობამ კონკრეტულად "ხუდონჰესთან" დაკავშირებით, როგორც ეს 2017 წელს ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ დააანონსა, დავით მირცხულავამ პასუხად აღნიშნა, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ხუდონჰესთან" დაკავშირებით ახალი წინადადებები არის, მაგრამ ეს მოლაპარაკებების თემაა და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, თორემ ძალიან ინტენსიურად განიხილება "ხუდონიც", - განაცხადა მირცხულავამ, თუმცა პროექტის განხორციელების რა გეგმა და როდის გახდება ცნობილი, არ დაუკონკრეტებია.

რაც შეეხება პროექტში სახელმწიფოს მონაწილეობას, დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ ეს ჰესი მხოლოდ ინვესტორმა უნდა ააშენოს.

"მე მიმაჩნია, რომ ინვესტორის გასაკეთებელი საქმე ინვესტორმა უნდა აკეთოს, შეიძლება - სხვამ, თუმცა მაინც ინვესტორმა", - აცხადებს მირცხულავა და ამ საკითხზე დამატებითი განმარტებებისგან თავს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები