მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავით ნარმანია სემეკის წევრად დაამტკიცეს

5a3cefae0ff38
დავით ჯალაღონია
22.12.17 15:41
1091
დავით ნარმანია და გოჩა შონია პარლამენტმა სემეკის წევრებად დაამტკიცა.

ნარმანიასა და შონიას კანდიდატურებს საკანონმდებლო ორგანომ 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. ისინი სემეკის წევრად 6 წლის ვადით იმუშავებენ.

კანდიდატურებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განხილვა არ ყოფილა, რაზეც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა შენიშვნა გამოთქვა.

„უცნაურია, რომ ამ თანამდებობაზე წარმოდგენილია ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ მერი იყო, ახლა სხვა თანამდებობაზე გადაგყავთ და ამ შემთხვევაში, ოპოზიციას არ ეძლევა საშუალება, რომ დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

ოპოზიციური ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის საპასუხოდ კი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „რეგლამენტის თანახმად, არის თანამდებობები, რომელთა არჩევის შემთხვევაში საკითხის განხილვა კომიტეტის ფორმატში ამოიწურება და ეს არის საკითხი, რომელიც კომიტეტის ფარგლებში განიხილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ 20 დეკემბერს სემეკის წევრობის კანდიდატები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა, თუმცა სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია არ ესწრებოდა.

ახალი წევრების მიღების შემდეგ მარეგულირებელ კომისიას თავმჯდომარის ჩათვლით ხუთ წევრი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანია 2017 წლის ნოემბრამდე თბილისის მერის თანამდებობას იკავებდა. გოჩა შონია კი 2011 წლიდან 2017 წლის ზაფხულამდე სემეკის წევრად მუშაობდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი - მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის მრჩევლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები