მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით პაპიაშვილი ბაფ-ის გამგეობის წევრად უმრავლესობის მხარდაჭერით აირჩიეს

5ffefc8499478
BM.GE
13.01.21 17:56
1737
დავით პაპიაშვილი ბაფ-ის გამგეობის წევრად დელეგატთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით აირჩიეს.

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) არის წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული (არასამთავრობო, არაკომერციული) ორგანიზაცია. შეიქმნა 1998 წლის 5 მაისს, საქართველოს ბუღალტერთა კლუბისა და ბუღალტერთა ასოციაციის გაერთიანების შედეგად.

ბაფის საქმიანობის მიზანია, წევრების მაღალკვალიფიციური დონის მიღწევა და შენაჩუნება, საზოგადოებისათვის ხარისხიანი პროფესიული მომსახურების მიწოდების მიზნით; საინვესტიციო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებით; ბიზნესგარემოს გაუმჯობესებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

დავით პაპიაშვილი, საერთაშორისო ქსელური აუდიტორული კომპანია Kreston Papiashvili-ს მმართველი პარტნიორია. მრავალი წლის მანძილზე მისი ყოველდღიური ცხოვრება და საქმიანობა ბუღალტრის, აუდიტორისა და საგადასახადო კონსულტანტის პროფესიის განვითარებასა და პოპულარიზაციას უკავშირდება.

დავით პაპიაშვილის, როგორც პრაქტიკოსი აუდიტორის, წარსულშიც ბაფის გამგეობის მოქმედი წევრის, ACCA-ს, Kreston Academy-ს და სხვა სასწავლებლების ლექტორის მრავალწლიანი საქმიანობა ყოველთვის პროფესიის წარმომადგენელთა ინტერესების დაცვისკენ იყო მიმართული. კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად უკანასკნელ წლებში, დარგში უამრავ წარმატებულ პროექტს ედგა სათავეში:

• მისი აქტივობის ერთ-ერთი მიმართულება საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გასწორების მიზნით მუშაობას გულისხმობს.

• 2021 წლიდან აქტიურადაა ჩართული დღგ-ით დაბეგვრის ახალი რეგულაციების შემუშავებაში, რაც კანონმდებლობაში არსებული დამამძიმებელი ნორმების შემსუბუქებასა და ორაზროვნების აღმოფხვრას გულისხმობს.

• რეგულარულად ატარებს სხვადასხვა კვლევებს ქვეყნის საგადასახადო ორგანოს ეფექტიანად მუშაობის მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს საქართველოს შემოსავლების სამსახურის ეფექტიანობისა და კერძო სექტორის საგადასახადო შემოწმებებისას კანონთან შესაბამისობის საკითხების შესწავლას.

• აუდიტორული პრაქტიკის პარალელურად აქტიურადაა ჩართული აღრიცხვისა და აუდიტის დარგში მომუშავე პროფესიონალების გადამზადების საქმიანობაში.

• ბოლო 2 წლის განმავლობაში, როგორც ბაფის საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე, მონაწილეობდა ბაფში შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემისა და კონსულტაციის გაწევის პროცესში. ყოველთვიურად ამზადებდა ფედერაციის წევრების მხრიდან შემოსულ კითხვებზე პასუხებს, რაც შემდგომში ფედერაციის ჟურნალში ქვეყნდებოდა.

ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე დავით პაპიაშვილი მისი, როგორც დარგის პროფესიონალის პასუხისმგებლობად მიიჩნევს, რომ სამომავლოდაც გააგრძელოს კოლეგებისათვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და მისი ძალისხმევა პროფესიის განვითარებისა და ახალი მიზნების მისაღწევად მიმართოს.

„მჯერა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მნიშვნელოვანი გამარჯვებებისა და პროფესიისთვის სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი. დარგის პროფესიონალების მხარდაჭერით, უკვე ახალი სტატუსით ვემსახურები ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიის წარმომადგენლებს“, - აცხადებს დავით პაპიაშვილი.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები