"ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამეგრელოში ფერმერებს შეხვდა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მან მეფუტკრეობის სანაშენე ბაზა მუხურში დაათვალიერა, სადაც ადგილობრივი ფუტკრის გენოფონდის დაცვაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
სონღულაშვილი ასევე იმყოფებოდა ლურჯი მოცვის გადასამუშავებელ საწარმოში და თხილის პლანტაციებში.
მისი განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია, ხელი შეუწყოს მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს.
მასთან ერთად რეგიონში იმყოფებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
შეხვედრების შემდეგ, სონღულაშვილის სამინისტროს მიერ გავრცელებული კომენტარები ასეთია:
მეფუტკრეობის სანაშენე ბაზა მუხურში
„მეფუტკრეობას საქართველოში საუკუნეების ისტორია აქვს. ჩვენი ფუტკარი, ქართული მთის რუხი ფუტკარი მსოფლიოში აღიარებულია თავისი გამორჩეული გენეტიკური თვისებებით. სწორედ ამიტომ არის ჩვენი მიზანი მისი გენოფონდის დაცვა და შენარჩუნება.
მუხურის ბაზა უნიკალური ინფრასტრუქტურაა, რომელიც მეფუტკრეობის მეცნიერულ და პრაქტიკულ განვითარებას ემსახურება. ასეთი ბაზების მხარდაჭერა და განვითარება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის, ფერმერების ცნობიერების ამაღლებისა და სასოფლო-სამეურნეო ცოდნის გავრცელებისთვის. სახელმწიფოს მიზანია, ყველა იმ დარგს, რომელსაც რეალური ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ.“
კომპანიის წარმომადგენელი (შპს „ჯენტრი ინვესტმენტი“):
„სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ამ მასშტაბის საწარმო ვერ შეიქმნებოდა. ჩვენ უკვე ვახორციელებთ ექსპორტს გერმანიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და რუსეთში, წელს კი პირველად ვიწყებთ გატანას დუბაიში, ინდოეთში, ჰონგ-კონგში, ისრაელსა და სინგაპურში.
საწარმო და ბაღი ქმნის სამუშაო ადგილებს და ერთგვარად მოდელად იქცა სხვა მწარმოებლებისთვის, ვინც სურს საერთაშორისო სტანდარტების მიღწევა.“
მეთხილე ფერმერებთან შეხვედრა – სოფელი რიყე
„თხილი დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასოფლო-სამეურნეო კულტურა საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყანა უკვე შედის თხილის ექსპორტიორ ტოპ შვიდეულში მსოფლიოში.
სახელმწიფო აქტიურად დგას მეთხილე ფერმერების გვერდით — დაწყებული ბაღების დაფინანსებით, შემნახველი ინფრასტრუქტურით, გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებით, დამთავრებული ისეთი მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამებით, როგორიცაა აზიური ფაროსანა.
ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ 2024 წელს თხილის წარმოება გასულ წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა, ექსპორტის მაჩვენებელი კი – 44%-ით. ჩვენი ამოცანაა, ფერმერს ჰქონდეს არა მხოლოდ დიდი, არამედ მაღალი ხარისხის მოსავალი.“
გიორგი ზაქარაია, ფერმერი (რიყე):
„შეღავათიანი აგროკრედიტით გავაშენე თხილის ბაღი და შევიძინე საჭირო ტექნიკა. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად გაამარტივა ჩემთვის წარმოება.
როცა გაქვს მაღალი ხარისხის პროდუქტი და ხედავ, რომ ექსპორტზე რეალურად მიდის, ეს უფრო გაძლიერებს მოტივაციას. სახელმწიფოს მხრიდან ეს რეალური მხარდაჭერაა და არა მხოლოდ სიტყვიერი დაპირება.“




























