მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სონღულაშვილის თქმით, ეკონომიკის ზრდა ხელისუფლების სწორი გადაწყვეტილებების შედეგია

64397f448edb9
თელარა გელანტია
15.04.23 16:03
1029
რამდენად მდგრადია საქართველოს ეკონომიკის ზრდა - რა წვლილი აქვს მთავრობის ეკონომიკურ ხედვას და რა - რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ ე.წ. „დადებით შოკს“? - ეს იყო ერთ-ერთი თემა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილთან ინტერვიუს დროს. „სიტუაციამ რაც არ უნდა მოიტანოს, მას სჭირდება სწორი გამოყენება, თორემ ისევე შეიძლება გვერდი აგიაროს, როგორც შენამდე მოვიდა“, - აცხადებს დეპუტატი BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.

- პირველი კვარტლის ზრდა ჯერ არ ვიცით, მაგრამ ორ თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.1%-ით გაიზარდა. ლარი გამყარებას განაგრძობს. ინფლაცია - კლებას. ჯამში მაკროეკონომიკური ფაქტორები უმჯობესდება. რა წვლილი აქვს მთავრობის მუშაობას და რამდენად მდგრადია ეს ეკონომიკური ზრდა?

- მდგრადია იმდენად, რამდენადაც მდგრადია გარემო ქვეყანაში...

- ახლა მდგრადია გარემო თუ ძალიან არასტაბილური სიტუაციაა?

- ქვეყნის მიმართ მდგრადობას ვგულისხმობ. ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას. ზუსტად იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გადადგა თანმიმდევრული ნაბიჯები, რითაც უზრუნველყო ქვეყნის სტაბილურობა, ზუსტად ამან გამოიწვია ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, მიმზიდველია როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, ასევე სხვადასხვა სექტორი ვითარდება. საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, ინფლაცია მცირდება - ეს მაჩვენებლები იმაზე უკეთესია ჩვენთან, ვიდრე - რეგიონში, რაც პირდაპირ პასუხობს, თუ რამდენად ეფექტიანი და სწორი გადაწყვეტილებები არის მიღებული ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს.

- სხვადასხვა საერთაშორისო ანალიტიკური სააგენტოს შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომმა დადებითი შოკის ფუნქცია შეასრულა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. ამაზე არ ვთანხმდებით?

- შეიძლებოდა ეს ფუნქცია არ შეეძინა ჩვენს ქვეყანას და თუ რომელიმე ქვეყანას, უკრაინის შემდეგ, დესტაბილიზაციის და საომარი პროცესების განვითარების საფრთხე ედგა, ერთ-ერთი იყო საქართველო...

- ნარატივი „აბა, ომი გინდათ?“ - ხელისუფლებისგან მოდიოდა. სხვა მხრივ რატომ იდგა ეს საფრთხე?

- თუ ამ მიმართულებით, რომელიმე ქვეყანას შეიძლებოდა, გამოწვევა ჰქონოდა, ეს იყო საქართველო, რომელსაც დედაქალაქიდან 30 კილომეტრში აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და ვინმე დაზღვეული იყო ომის დაწყებისგან? - რა თქმა უნდა, არავინ.

- რუსეთს რომ ომი მოენდომებინა საქართველოსთან, რამეს შევცვლიდით?

- აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხელისუფლებამ შეძლო, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება, რომელიც იყო პირდაპირ იმის გარანტი, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარებულიყო და მიმზიდველი გამხდარიყო რამდენიმე მიმართულებით: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილიყო, ქვეყანაში შუა დერეფანი განვითარებულიყო...

- შუა დერეფანზე მოთხოვნის გაზრდა რუსეთ-უკრაინის ომმა არ მოიტანა?

- სიტუაციამ რაც არ უნდა მოიტანოს, სიტუაციას სჭირდება სწორი გამოყენება, თორემ ისევე შეიძლება გვერდი აგიაროს, როგორც შენამდე მოვიდა... ბოლო ორი წელი ზედიზედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელს ორ თვეში 7.1%-ით გაზრდილი ეკონომიკა, ტურიზმის აღდგენის ტემპი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა სწრაფად განვითარდეს.

აღსანიშნია ენერგეტიკის მიმართულებით დაძრული საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები - ვგულისხმობ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელიც არა მხოლოდ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას იძლევა, არამედ საშუალებას, რომ საქართველო გახდეს ენერგეტიკული ჰაბი.

გარდა ამისა, როდესაც ვხედავთ, შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდას, აუცილებელია, მიჰყვეს ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელისუფლება ამბობს, რომ მზად ვარ, როგორც სახელმწიფომ, მე თვითონ ვიყო ერთ-ერთი ინიციატორი ანაკლიის პორტის მშენებლობის, ასევე საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების, ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ ის ფუნქცია, რომელიც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა - ყოფილიყო დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, შეასრულოს; ეს არაა სიტუაციის ნაწილი, ესაა გეოგრაფიული მოცემულობა ქვეყნის, რომელსაც სწორად ვიყენებთ და სწორი მიმართულებით ვავითარებთ. ჯამში, ეს ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და დამატებითი გეოპოლიტიკური ფუნქციის შეძენას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები