მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 4 დღეში დაიწყება - რა ვიცით?

ფორუმი

მსოფლიოს ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი სტარტს მომდევნო კვირიდან, 20 იანვრიდან, შვეიცარიის ქალაქ დავოსში აიღებს. წლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ეკონომიკურ ღონისძიებაზე მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, წამყვანი ბიზნესმენები და სხვადასხვა პროფილი ორგანიზაციები მიიღებენ.

Davos 2025 ერთი თემის ქვეშ ერთიანდება: "კოლაბორაცია ინტელექტუალური ეპოქისთვის". შესაბამისად, წლევანდელ ფორუმზე დამსწრე ლიდერები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ტექნოლოგიური განვითარება, ინოვაცია და მისი როლი კრიზისების მართვაში, მდგრადობა და ა.შ.

წლევანდელ ფორუმზე შეხვედრები ხუთი სხვადასხვა კატეგორიის ფარგლებში გაიმართება, ესენია: ზრდის განახლებული ხედვა, ინტელექტუალური ეპოქის ინდუსტრიები, ინვესტირება ხალხში, პლანეტის დაცვა და ნდობის აღდგენაა.

ვინ დაესწრება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს?

Davos 2025-ზე თავს სხვადასხვა სექტორისა და ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელი მოიყრის. მათ შორის იქნებიან 350-ზე მეტი სამთავრობო ლიდერი სხვადასხვა ქვეყნიდან. სამიტს დაესწრება ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და სხვა დასავლელი ლიდერები.

ჩვენი რეგიონიდან Davos 2025-ს დაესწრებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც.

ფორუმზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

ამასთან, ეკონომიკურ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ გაეროს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.

ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 1600-ზე მეტი ბიზნესმენი, მათ შორის 900-ზე მეტი CEO, მსოფლიოს წამყვანი გამომგონებლები და ინდუსტრიის ლიდერები.

ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი 1971 წლიდან იმართება და გლობალურ პოლიტიკურ ველზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამიტად მიიჩნევა. ფორუმის მიზანი დამსწრე საზოგადოებას შორის დისკუსიის გამართვის შესაძლებლობაა ისეთ კომპლექსურ საკითხებზე, როგორებიცაა, მაგალითად, გეოპოლიტიკური ვითარება, ტექნოლოგიური განვითარება და კლიმატის ცვლილება.

მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებს საქართველო. bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც თებერვალში გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს.

კითხვაზე, არის თუ არა მიწვეული საქართველო ფორუმზე, ადმინისტრაციას პასუხი არ გაუცია. მასალა, ინფორმაციის მიღების შემთხვევაში განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები