"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელექტროენერგიის ექსპორტში შარშანდელი და შარშანწინდელი გამონაკლისები დასრულდა", - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი აცხადებს.
წელს საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი ფაქტობრივად განახევრებული მაჩვენებლებით დაასრულა. საქართველოდან დენის ექსპორტი ძირითადად მაისიდან იწყება და აგვისტოს ჩათვლით გრძელდება.
სახელმწიფო ელექტროსისტემის გამოქვეყნებული სტატისტიკით, იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით ექსპორტზე 505 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, რაც წლიურად 52%-ით შემცირებული მაჩვენებელია. დენის ექსპორტში 2024 წელსაც კლება იყო. ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან დენის ექსპორტი იზრდებოდა და რეკორდულ ნიშნულს 1.468 მლნ კვტ.სთ 2023 წელს მიაღწია. გასულ წელსს კი 1 047 მლნ კვტ.სთ-მდე შემცირდა.
"წელს საექსპორტო წელი დაიწყო მაისში და დასრულდა აგვისტოს პირველივე დღეებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შარშანდელი და შარშანწინდელი გამონაკლისები დასრულდა. 2023 და 2024 იყო გამონაკლისი წლები, როდესაც იმდენად მიმზიდველი იყო თურქეთის ბაზარზე ფასი, რომ თბოსადგური მუშაობდა იმისთვის, რომ ექსპორტი განხორციელებულიყო. წელს უკვე დავუბრუნდით იმ რეალობას, როდესაც ისეთი სარფიანი აღარ არის თურქეთის ბაზარზე ექსპორტის გაკეთება და ამიტომ უკვე ქვეყანა და ენერგეტიკული ბალანსი მუშაობს სტანდარტული ჩვეულებრივი რეჟიმით", - აცხადებს ჩახვაშვილი.




























