მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დახარჯული ₾31 მლნ. და შეუსრულებელი მისია - 1 200 კოოპერატივი მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ სასოფლო ტექნიკა მიეღო

61ee8db026eb3
სალომე მეცხვარიშვილი
25.01.22 10:12
2854
31.3 მილიონი ლარი - ეს არის თანხა, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში სახელმწიფომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისთვის დახარჯა. მისი მიზანი იყო, საგადსახადო შეღავათებისა და თანადაფინანსების მეშვეობით სოფლის მეურნეობის განვითარება, მოსახლეობის ადგილზე დამაგრება და მათი ეკონომიკური გაძლიერება.

"ფაქტია, კანონმა მიზანს ვერ მიაღწია" - ეს კი პარლამენტის აგრარული კომიტეტის დასკვნაა, რომელმაც კანონის რეალური გავლენა შეისწავლა.

კანონის შედეგები ასე გამოიყურება:

- 2015 წლიდან დღემდე კოოპერატივების ხელშემწყობი პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო 31 მილიონის თანადაფინანსება გაცემულია 1006 კოოპერატივზე;
- დაახლოებით 1 200 კოოპერატივი ჩამოყალიბდა მხოლოდ იმისთვის, რომ წვრილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მიეღო; 
- 2 235 კოოპერატივიდან ნახევარზე მეტს (1 148) შეუწყდა სტატუსი;
- ამჟამად ფუნქციონირებს 995 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა 2013 წლიდან დაიწყო და მისი ამოქმედებიდან 8 წელია გასული. მიუხედავად ამისა, აგრარული კომიტეტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ვკითხულობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებას, რომ “კანონით დასახული მიზნების მიღწევა ერთ ან ორწლიან პერიოდში პრაქტიკულად შეუძლებელია”.

ამის პარალელურად დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ წლების განმავლობაში სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სტრატეგია არ შეუქმნია; არც ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელსაც კოოპერატივებისთვის წარმოებასთან, მარკეტინგთან, ფინანსურ აღრიცხვიანობასა და აგრობიზნესის დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები უნდა გაემარტივებინა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს არც დაპირებული პროგრამები განუხორციელებია, რომლებიც კოოპერატივის მენეჯმენტს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებოდა.

ინფორმაციისა და ცოდნის ნაკლებობა კი კოოპერატივების განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად სახელდება. დასკვნაში, რომელიც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოამზადა, ძირითადი პრობლემებია თავმოყრილი, რომელიც საქართველოში სასოფლო კოოპერატივების განვითარებას აფერხებს:

- ბიუროკრატიული ბარიერები;
- დოკუმენტაციისა და ბუღალტერიის წარმოების სირთულე;
- გადაწყვეტილებათა ნოტარიულად დამოწმების სირთულეები (ნოტარიუსების უარი, გაზეთში გამოცხადება);
- ფინანსები (სესხი) ხელმისაწვდომობის სირთულე;
- ექსპერტებისა და ცოდნის ნაკლებობა, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ორგანიზაციული მიმართულებით;
- სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების არაეფექტიანობა.

ბიუროკრატიული ბარიერები - როგორც შექმნის, ასევე შემდგომ ეტაპზე, კოოპერატივში თითოეული ცვლილება უნდა აისახოს ნოტარიულად, შემდეგ კი დაფიქსირდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშიც.

პრობლემების ჩამონათვალშია ფინანსებზე, სესხზე ხელმისაწვდომობის სირთულე, ინფორმაციის, შესაბამისი ცოდნის და რეკლამირების ნაკლებობა, ასევე, დაუბალანსებელი საკანონმდებლო რეგულირება.

“ხშირ შემთხვევაში არ არსებობს კომპეტენტური ადამიანი ადგილზე, ვისგანაც შესაძლებელია რჩევის მიღება”,- ვკითხულობთ დასკვნაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები