მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დახურულ სივრცეებში ღონისძიებების covid-წესებით ჩატარებას შსს-ც გააკონტროლებს

5f562ffc52f20
ვიქტორია მღებრიშვილი
07.09.20 17:51
1011
"სოციალური ღონისძიებების კონტროლის მექანიზმში შსს ჩაერთვება", - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქმე იმაშია, რომ მთავრობის მეთაურმა დღეს დახურულ სივრცეებში სოციალურ და სარიტუალო ღონისძიებებზე კონტროლის უკიდურესად გამკაცრება დაანონს. 

მოგვიანებით კი, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბიზნეს-სუბიექტებისა და ფიზიკური პირებისთვის, ვინც არსებულ რეგულაციებს არ დაიცავენ, ფინანსური სანქციები ერთჯერადი გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გაიწერება.

„სოციალური ღონისძიებები დახურულ სივრცეში, როგორიც არის ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა ღონისძიებებზე მონიტორინგის მექანიზმი გამკაცრდება. ამ კუთხით შრომის ინსპექცია ძირითადი მაკოორდინირებელი და აღმასრულებელი უწყებაა. ასევე, ამ პროცესში საკმაოდ აქტიურად ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული ობიექტს ჩვენ ერთობლივი ძალებით შევამოწმებთ.

მექანიზმი იმუშავებს შემდეგნაირად: თუ მივიღებთ ინფორმაციას, რომ ესა თუ ის დაწესებულება გეგმავს სოციალური ღონისძიების ჩატარებას, პირველ ეტაპზე მოხდება მისი გაფრთხილება და თუ მაინც განხორციელდება ღონისძიება შესაბამისი სანქციების მექანიზმს გამოვიყენებთ. იურიდიული პირისთვის ეს არის 10 000 ლარის ოდენობით, ფიზიკური პირის მიმართ კი 2 000 ლარის ოდენობით. მისი განმეორებითი ჩადენა სისხლის სამართლებრივ დევნას გამოიწვევს, რაც იქნება საკმაოდ მკაცრი სახდელი ამ მიმართულებით“, - განმარტა ბექა ფერაძემ.

ამასთან, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მათი მიზანი არა დაჯარიმება, არამედ ეპიდსიტუაციის მართვაა, რათა თითოეული მოქალაქე იყოს დაცული.

„ეს მოიცავს არაგეგმიურ შემოწმებას; აქ არ მინდა ხაზი გაესვას იმას, რომ გარკვეული მექანიზმებით ბიზნესზე წნეხს ვახორციელებთ, არამედჩვენ მათ პრევენციულად ვაწვდით ინფორმაციას... თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ რომელიმე ორგანიზაციას პრევენციულად არ მიეწოდება ინფორმაცია, მასზე გეგმიური ზედამხედველობა არ განხორციელდება. გეგმიური ზედამხედველობა იქნება საკმაოდ აქტიური; ყოველდღიური რეჟიმის ქვეშ შევამოწმებთ თითოეულ მსგავს დაწესებულებას, თუმცა პრევენციულად მოვახდენთ მათ ინფორმირებასაც“, - აღნიშნა ფერაძემ.

მისივე ინფორმაციით, უწყებამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში შესასრულებელი რეგულაციების შესახებ საჭირო ინფორმაცია 5 000-მდე ბიზნეს სუბიექტს მიაწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები