მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი ₾50 000 -მდე იზრდება - რა ტიპის დეპოზიტებს შეეხება ცვლილება?

დეპოზიტების დაზღვევა

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეულია ფიზიკური და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა, ამ დროისათვის 1 პირის შემთხვევაში 30 000 ლარის ოდენობით, რაც 1 აპრილიდან 50 000 ლარამდე გაიზრდება. როგორც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან თოდუა განმარტავს, ზღვრის ლიმიტი მოქმედებს ერთ პიროვნებაზე ერთ ბანკში, მიუხედავად იმისა თუ რამდენი ანგარიში აქვს მას ამ კონკრეტულ ბანკში. თუმცა თუ იგივე პირს სხვა საფინანსო ორგანიზაციის ანგარიშზეც აქვს თანხა, საჭიროების შემთხვევაში ლიმიტის ფარგლებში ის თანხაც ანაზღაურდება. თემაზე მან "საქმის კურსთან" ისაუბრა.

დეპოზიტი არის ნებისმიერ კომერციულ და მიკრობანკში მომხმარებლის ანგარიშზე არსებული თანხა ნებისმიერ ვალუტაში.

„ამჟამად, 12 მილიარდამდე ლარის დეპოზიტებია დაზღვეული და ველით, რომ ზღვრის აწევის შემდეგ დაზღვეული პორტფელის მოცულობა 15 მლრდ ლარამდე გაიზრდება. ეს დამოკიდებულია პორტფელის ზრდის ტემპზეც. ამჟამად, სისტემა სრული დეპოზიტების დაახლოებით 20%-ს ფარავს, თუმცა თუ მხოლოდ ფიზიკური პირების დეპოზიტებს შევხედავთ, დაფარვა 27%-ია. დაახლოებით ეს პროცენტი შენარჩუნდება, ან შესაძლოა, მცირედით გაიზარდოს“, - ამბობს ლევან თოდუა.

მისი განმარტებით, ამ დროისათვის დეპოზიტების დაზღვევის ფონდში 400 მლნ ლარია აკუმულირებული, რომელიც სახელმწიფოს ფასიან ქაღალდებშია დაბანდებული.

„თანხები ძირითადად არის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში დაბანდებული, რაც მაღალი ლიკვიდურობით და უსაფრთხოებით გამოირჩევა. ამაზე უსაფრთხო ინსტრუმენტი დღეს საქართველოში არა გვაქვს. ამ თანხით, კრიზისის შემთხვევაში, უმცირესიდან უდიდესი ბანკებისკენ რეიტინგს თუ შევხედავთ, ერთდროულად 7-8 ბანკის პრობლემებს შეგვიძლია გავწვდეთ. დღეისათვის ფონდის ზომა დეპოზიტების პორტფელის 3.5%-მდეა, რაც საერთაშორისო სტანდარტებით კარგი მაჩვენებელია, თუმცა, ჩვენ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვინდა, რომ ფონდი დეპოზიტების 6% მაინც იყო“, - ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები