მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დაზღვეული პაციენტი ექიმისთვის გარკვეული კომფორტიცაა და დისკომფორტიც" - ექიმი ნინო ქანთარია

ნინო ქანთარია

"დაზღვეული პაციენტი ექიმისთვის არის გარკვეული კომფორტიც და დისკომფორტიც", - ამის შესახებ “ნიუ ჰოსპიტალსი” შინაგანი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნინო ქანთარიამ გადაცემა “ბიზნეს კვირეულში”, “ედვაიზერის” რუბრიკაში სტუმრობისას სადაზღვევო სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

მან საყოველთაო დაზღვევის შემთხვევაში სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების მიღებისას არსებულ ბიუროკრატიაზე გაამახვილა ყურადღება.

“დავიწყებ სტაციონარული სერვისებიდან. აქ არ არის მარტივად საქმე, იმიტომ რომ, ვიცით, რომ სახელმწიფოში მოქმედებს საყოველთაო დაზღვევა, რომელიც ასევე ანაზღაურებს გარკვეულ ნოზოლოგიებს. იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტს აქვს როგორც საყოველთაო, ასევე კერძო დაზღვევა, ზოგიერთ კატეგორიას, აქ იქმნება ხოლმე გარკვეული ბიუროკრატიული საკითხები. რა კომპონენტს დააფინანსებს საყოველთაო დაზღვევა, რა კომპონენტს დაფარავს კერძო დაზღვევა, დოკუმენტაცია სად, როდის, როგორ უნდა იყოს გადაგზავნილი... თუმცა, ამის რეგულაცია მეტ-ნაკლებად, მე ვფიქრობ, პაციენტის ინტერესიდან გამომდინარე, მაინც ხდება.

რაც შეეხება ამბულატორიულ სექტორს, აქ ექიმისთვის დაზღვეული პაციენტი არის გარკვეული კომფორტიც და დისკომფორტიც და შევეცდები, რომ განვმარტო, რა არის კომფორტი და რა არის დისკომფორტი.

კომფორტი ის არის, რომ თუკი პაციენტს სჭირდება სხვადასხვა კვლევები, ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები, სერვისები, უფრო თავისუფალია ექიმი ამ არჩევანშიც და ფინანსური დანახარჯების თვალსაზრისით, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, სამედიცინო მომსახურების ხარჯები ბოლო პერიოდში იზრდება და ეს ბუნებრივიც არის. ასე რომ, ექიმი გარკვეულ კომფორტს ხედავს იმაში, რომ პაციენტს აქვს დაზღვევა და საჭიროებების მიხედვით დაფარავს ყველა საჭირო კვლევას თუ კონსულტაციას.

რაც შეეხება დისკომფორტს, ესეც ამავე დროს არსებობს თან, იმიტომ, რომ ამ პაციენტის დაზღვევაში არსებობს ხელშეკრულება და ხელშეკრულების პირობები, რომლის მიხედვითაც გარკვეული ნოზოლოგიები უფინანსდება, გარკვეული არ უფინანსდება. რატომ არის ეს ექიმისთვის დისკომფორტი?! იმიტომ რომ პაციენტს მოლოდინი აქვს, რომ რადგან დაზღვეულია, მას ყველაფერი დაუფინანსდება, ის, რაც მას სჭირდება და რასაც ექიმი დაუნიშნავს. თუმცა, ის, რაც მას სჭირდება და ექიმი დაუნიშნავს, აღმოჩნდება იმ გამონაკლისებში, რომელიც აქვს”, - განმარტა ნინო ქანთარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები