მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაზღვევის ინდუსტრია იყო სტაბილურად მზარდი და პანდემიამ ეს ტრენდი გააჩერა“ – PSP დაზღვევა

5f7223c69c0d0
თათია ჩაფიჩაძე
28.09.20 23:00
1554
PSP დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა სოფო ლებანიძემ "ფორბს კვირასთან" საუბრისას დაზღვევის ინდუსტრიისთვის მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემები შეაჯამა და აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიამ ამ ინდუსტრიაზეც უარყოფითი გავლენა იქონია. მიზეზებზე საუბრისას ის კომპანიების მხრიდან თანამშრომლების გაშვებას და შესაბამისად დაზღვევის ხარჯების კლებას ასახელებს.

„ბოლო პერიოდში დაზღვევის ინდუსტრია იყო სტაბილურად მზარდი და კოვიდპანდემიამ ეს მცირედად, მაგრამ სტაბილურად მზარდი ტრენდი გააჩერა და უარესიც მოხდა - გაყიდვების მაჩვენებელი ძალიან შემცირებულია. მოდით ასე ვთქვათ, დაზღვევის ინდუსტრია კონკურენტული პირობის გათვალისწინებით უფრო ცდილობდა არსებული პორტფელის შენარჩუნებას, სერვისების გაუმჯობესებას, რაც ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადარჩენაზე იყო ფიქრი. ძალიან ბევრმა კომპანიამ დროებით ფუნქციონირება გააჩერა, რამაც დღის წესრიგში დააყენა ის საკითხი, რომ როცა თანამშრომელი არ იღებს შრომით ანაზღაურებას მისი სადაზღვევო პრემიის გადახდა ვერ ხერხედებოდა კომპანიის მიერ. როგორც წესი კორპორატიულ და ნებაყოფილობით დაზღვევაში დაზღვევის პრემიის გადახდა კომბინირებულია. ან სრულად იხდის დამსაქმებელი ან დამსაქმებელი შემოდის წილში და თანაბრად იყოფენ“- აცხადებს ლებანიძე.

რაც შეეხება უშუალოდ კომპანიის შედეგებს, PSP დაზღვევაში აცხადებენ, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში მათ პარტნიორ კომპანიებთან მოახერხეს თანამშრომლობა, მათ შორის გადახდის გრაფიკის შეთავაზება იმგვარად, რომ სისტემიდან გასვლის მაჩვენებელი არ ჰქონოდათ.

სოფო ლებანიძემ აღნიშნა, რომ დღეისათვის მათი პორტფელის 60% მოდის კორპორატიულ დაზღვევაზე, კონტრაქტების განახლების მაჩვენებელი კი 99%-ია.

„2018 წლის შემდეგ ჩვენი პორტფელი მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ აქამდე მისი დიდი წილი მოდიოდა სახელმწიფო სატენდერო ორგანიზაციებზე – მარტივად რომ ვთქვათ PSP დაზღვევა საკმაოდ დიდ ტენდერებში იღებდა მონაწილეობას და იმარჯვებდა – ახლა ჩვენი სტრატეგია შეიცვალა და პრიორიტეტია ის, რომ ვიყოთ ორიენტირებულები კორპორატიულ ნებაყოფილობით სეგმენტზე. რაც ყველაზე მთავარია, გვაქვს ორი მაჩვენებელი, პირველი ეს არის რეტენცია, ჩვენ არ ვკარგავთ კლიენტებს მიუხედავად კოვიდისა, რეტენციის მაჩვენებელი, ანუ კონტრაქტების განახლების მაჩვენებელი გვაქვს 99%, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სერვისი სწორად არის ნამართი და რისკების მართვის სიკეთეც კარგად ესმით ადამიანებს. ერთი ოპტიმიზმის საფუძველი ეს არის, რომ ადამიანები არ ამბობენ უარს კერძო სადაზღვევო სისტემაში ყოფნაზე. მეორე მაჩვენებელი არის ის, რომ კორპორატიული სეგმენტი გვეზრდება. თუ 2018-ში ვიყავით ბაზრის პირველ სამეულში სახელმწიფო პორტფელის ხარჯზე, ახლა PSP დაზღვევა არის პირველ სამეულში კორპორატიული დაზღვევის ხარჯზე. ჩვენი პორტფელის 60% არის კორპორატიული დაზღვევა.

გავზარდეთ პორტფელი, თუმცა, ეს იყო ჩვენი და ჩვენი პარტნიორი კომპანიების მწყობრი თანამშრომლობის შედეგი. მაშინაც ასე მერყეობს ქვეყნის ეკონომიკა, როდესაც გყავს მრავალწლიანი პარტნიორი, ძალიან არასწორია ხისტად მიუდგე ზოგიერთ საკითხს და ამიტომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებს, რომლებთანაც 7-8 წელია ვთანამშრომლობთ, ძალიან ლოგიკური თანამშრომლობა შევთავაზეთ, თუნდაც გადახდის გრაფიკზე, პრემიის განაწილების ლოგიკაზე, ანუ ჩვენ ერთმანეთს მივეხმარეთ იმაში, რომ ერთმანეთისთვის პრობლემები არ შეგვექმნა, ვინაიდან კოვიდმა ეს ისედაც გააკეთა", - განაცხადა სოფო ლებანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები