მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაზიანებული სტადიონის გამო, გლდანის გამგეობა GWP-ის სასამართლოში უჩივლებს

გლდანი

გლდანში, ლეო კერესელიძის ქუჩაზე, წყალარინების ქსელის დაზიანების გამო, ყოველდღიურად დიდი ოდენობით დაბინძურებული წყალი ჟონავს. გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კონსტანტინე ზარნაძის განცხადებით, შედეგად, დაზიანებულია საფეხბურთო მოედანი, რაშიც გამგეობამ ორი წლის წინ, 100 ათას ლარამდე თანხა გადაიხადა. როგორც კონსტანტინე ზარნაძემ BMG-სთან აღნიშნა, გლდანის გამგეობა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" სასამართლოში უჩივლებს.

"ჩვენს კუთვნილ ქონებას "ჯივიპი" აზიანებს და გლდანის გამგეობა დავას დაიწყებს. სტადიონი გაფუჭებულია, ეს ბიუჯეტის ფულით გაკეთდა. გარშემო სკვერის გაკეთება გვინდოდა. კიდევ კარგი, არ დავიწყეთ. სტადიონის მიმდებარედ პატარა, სატრენაჟორო სკვერი გაკეთდება, ხეების დარგვა გვინდა", - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

როგორც მაჟორიტარი ამბობს, წყალარინების ქსელის მოგვარების თხოვნით, გლდანის გამგეობამ GWP-ის რამდენიმეჯერ მიმართა. მისი თქმით, კომპანიაში აღნიშნეს, რომ სპეციალური მანქანით ამ ადგილის გაწმენდა ვერ ხერხდება.

"GWP-ში გვითხრეს, რომ ჭას 3 მეტრის ზემოთ მიწა აქვს დაყრილი და ამ ჭის მოძებნაა საჭირო, ტერიტორია უნდა გაითხაროს. ველოდებით, როდის დაიწყებენ გათხრას. გვეუბნებიან, გათხრა რომ დავიწყოთ, გამაგრებითი სამუშაოები იქნება საჭირო, რათა ზემოდან მიწის მასა არ ჩამოიშალოს. კომპანიაში ამბობენ და ამას ვეთანხმები, რომ ეს ჭა ამ მდგომარეობაში სამშენებლო მასალების დაყრის შედეგად აღმოჩნდა. რა პრობლემაც არ უნდა არსებობდეს, ფაქტი ერთია: ზაფხული მოვა და მოსახლეობა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. გვეუბნებიან, რომ სპეციალური მანქანით ამ ადგილის გაწმენდა ვერ ხერხდება", - აღნიშნა ზარნაძემ.

გლდანის გამგეობამ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" მას შემდეგ მიმართა, რაც გლდანის მოსახლეობამ დახმარება გამგეობას სთხოვა. ნანეიშვილის #21-ში მცხოვრები რუსო მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, წყალარინების ქსელი რამდენიმე თვეა მოუგვარებელია.

"არაერთხელ მივმართეთ gwp-ს, რომელიც მოდის, ცდილობს მოგვარებას და მიდის, თუმცა შედეგი არაა. მთელი მიმდებარე ტერიტორია, ახალი სტადიონი, კერძო დასახლებისკენ მიმავალი გზა და ხევი დაჭაობებულია. ჩვენი კორპუსი ამ ხევის პირას დგას და ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ მძიმდება მდგომარეობა. ძალიან ცუდი სუნი მოდის და ტემპერატურის მატებასთან ერთად, გაუსაძლისი გახდება აქ გაჩერება, ფანჯრებს ვერ აღებენ მცხოვრებლები", - აცხადებს რუსო მარგველაშვილი.

საკითხზე BMG-ი GWP-ის დაუკავშირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კერესელიძის ქუჩაზე წყალარინების ქსელის პრობლემის შესწავლის შედეგად, ქსელის ინტენსიური გაბიდვნა დადგინდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილზე სამუშაოები 22 თებერვალს დაიწყება.

"კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა ქსელზე რამდენჯერმე ჩაატარეს სპეციალური ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა უშედეგოდ, რადგან ქსელში დაფიქსირდა დაუდევრობით ჩაშვებული მყარი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენები. აღნიშნული პრობლემის ალტერნატიული მიდგომით მოსაგვარებლად, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აქტიურად განაგრძობენ მუშაობას. ხვალ, 22 თებერვალს, დღის განმავლობაში ჩატარდება რთული და ინტენსიური სამუშაოები", - აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება გლდანის გამგეობის მიერ სასამართლოში ჩივილს. GWP-ში ამბობენ:

"ლეო კერესელიძის ქუჩაზე, ქსელზე აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული პრობლემით გამოწვეული ინფრასტრუქტურის დაზიანების დადგენის შემთხვევაში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი უზრუნველყოფს შესაბამის აღდგენით სამუშაოებს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები