მთავრობის ეფექტიანობისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტების საქმიანობის შედეგად, ბოლო 1 წელიწადში ბიუჯეტის სასარგებლოდ 291,5 მილიონი ლარი დაიზოგა - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა 114,8 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები განიხილა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 67,4 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა. ამასთან, მთავრობაში კვლავ აცხადებენ, რომ სახელმწიფო საწარმოებში როგორც სახელფასო, ასევე ტენდერების გზით ათეულობით მილიონი ლარია დაზოგილი, რაც საბოლოოდ ისევ სახელმწიფო საწარმოების განვითარებას მოხმარდება. სპეციალისტების ნაწილს კი კვლავ კითხვები რჩება, რეალურად რა მიმართულებებით დაიზოგა როგორც საბიუჯეტო თანხები, ასევე რა ნაწილში გასწიეს სახელმწიფო საწარმოებმა ეკონომია.


































