საქართველოს რეგიონებში DCFTA- ს აინფორმაციო ცენტრები გაიხსნება. ცენტრებს საკუთარი ოფისების ბაზაზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა გახსნის. საინფორმაციო ცენტრები გაიხსნება ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, აჭარაში, ასევე გორსა და რაჭაში. როგორც „ბიზნესკონტაქტს“ სამრეწველო პალატაში განუცხადეს, პირველი ცენტრი შემოდგომაზე გაიხსნება, მომავალში კი ცენტრები ეტაპობრივად ამოქმედდება.
პალატაში აცხადებენ, რომ კონსულტაცებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს მათივე თანაშრომლები გაუწევენ, რომლებიც სპეციალურად გადამზადდებიან. როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, ცენტრების გახსნა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეხვედრები გამართეს რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლებთან და აღმოაჩინეს, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია ბიზნესებს არ აქვთ.
სამრეწველო პალატაში აღნიშნავენ, რომ ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ ტერიტორიებზე პრობლემაა ენობრივი ბარიერიც, ამიტომ DCFTA- ს საინფორმაციო ცენტრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს თარგნის სერვისსაც შესთავაზებს.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, საინფორმაციო ცენტრებში მეწარმეები მიიღებენ ინფორმაციას ევროპული სტანდარტების შესახებ, თუ რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს მათმა პროდუქციამ, რათა ექსპორტზე ევროკავშირში გავიდეს, რა დოკუმენტაციაა ამისთვის საჭირო და ა.შ. კითხვაზე, რამდენად აქვთ სურვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მიიღონ მსგავსი ტიპის ინფორმაცია. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, რომ 20-დან დაახლოებით 10 მცირე და საშუალო მეწარმე, მზადაა მიიღოს ინფორმაცია DCFTA-ს შესაძლებლობებზე.

























