2022 წლის 9 დეკემბერს, ლონდონში “The E-Cigarette Summit” გაიმართა. ღონისძიება თავს უყრის ჯანდაცვის ინსტიტუტების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, ექიმებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და თამბაქოს მოხმარების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებს, რათა დიალოგის რეჟიმში ისაუბრონ თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მნიშვნელობის, ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებისა და გონივრული რეგულაციური პოლიტიკის შემუშავების შესახებ, რაც თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნას შეუწყობს ხელს.
“ნიკოტინის შემცველი ელექტრონული მოწყობილობების (ელ. სიგარეტების) მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს ტრადიციულ მოწევასთან დაკავშირებულ რისკებს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ის არის სრულიად უსაფრთხო”, - აღნიშნავს სამიტის პანელისტი, დოქტორი დები რობინსონი, ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერებების ადიქციის დეპარტამენტის, თამბაქოს ზიანის შემცირების ლექტორი.
სამიტის ფარგლებში, დოქტორმა დები რობინსონმა დიდი ბრიტანეთის “Health & Disparities” (ყოფილი Public Health England-ი) ოფისის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის შესახებ ისაუბრა, რომელიც მიზნად ისახავს, მოახდინოს დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და პოლიტიკოსების ინფორმირება ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტების მოხმარების ტენდენციების შესახებ.
კვლევა საერთაშორისო ექსპერტებთან, მათ შორის რვა დამოუკიდებელ რეცენზენტთან თანამშრომლობით მომზადდა.
“2022 წლის ანგარიში არის ბოლო დოკუმენტი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნდა. დოკუმენტი ორ მთავარ მიზანს ემსახურება - ის იკვლევს, ერთი მხრივ, ახალგაზრდებსა და ზრდასრულ მწეველებში ელ. სიგარეტების მოხმარებას, მეორე მხრივ კი - ელექტრონული სიგარეტებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკებისა და რისკების შესახებ ჩამოყალიბებული შეხედულებებს”, - აღნიშნავს დოქტორი დები რობინსონი.
ელექტრონულ სიგარეტებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკებისა და შედეგების შესახებ საუბრისას, დოკუმენტი ეყრდნობა 2017 წლის აგვისტოდან 2021 წლის ივლისამდე გამოქვეყნებული 413 კვლევის ანალიზს.
“აღნიშნულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ელ. სიგარეტები ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე ტოქსიკური ნივთიერებებისადმი ორგანიზმის დაქვემდებარებას”, - ამბობს დოქტორი დები რობინსონი.
თამბაქოსა და ელ. სიგარეტების მიერ გამოყოფილი მავნე ნივთიერებების ორგანიზმზე ზემოქმედების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების მოხმარება, ტრადიციულ მოწევასთან შედარებით, საგრძნობლად ამცირებს ადამიანის ორგანიზმის როგორც კანცეროგენული, ასევე რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი მავნე ნივთიერებებისადმი დაქვემდებარებას.
უფრო მეტიც, ელექტრონული მოწყობილობების მომხმარებელთა და არამწეველთა მაჩვენებლების შედარებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მავნე ნივთიერებების შემცველობა ფოკუს ჯგუფის წევრებს შორის უმეტესწილად თითქმის ერთ დონეზე იყო.
დოქტორი დები რობინსონი ამბობს, ელექტრონული სიგარეტების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები მრავალ ფაქტორზე არის დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, თუ ვინ მოიხმარს აღნიშნულ პროდუქტს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მოწევის ისტორიაზე, თამბაქოს ელ. სიგარეტების მოხმარების მიზანზე, საცხოვრებელ გარემოსა და სხვა მრავალ ფაქტორზე.
“საბოლოოდ კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზიანის შემცირების პროცესში, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ხდება ელექტრონული სიგარეტების და მათთან დაკავშირებული ზიანის, ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის მიწოდება, მეორე მხრივ კი, ადამიანების მიერ მიღებული ინფორმაციის აღქმა”, - ამბობს დოქტორი დები რობინსონი.
როგორც სპიკერი აღნიშნავს, ელ. სიგარეტებს აქვთ შესაძლებლობა, გადაარჩინონ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, თუმცა, დაუსრულებელი და მეცნიერულ საფუძველს მოკლებული დებატები აფერხებს აღნიშნული შესაძლებლობის განხორციელების პროცესს.