მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დედაქალაქის 11 ადგილისთვის ჩარჩო-გეგმების შემუშავებისთვის ტენდერი არ გაუქმებულა"

5bd046ee524b5
BM.GE
24.10.18 14:15
827
გენერალური გეგმის პროექტით გათვალისწინებული 11 ადგილის დამატებითი ჩარჩო-გეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ გაუქმებულა. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, პირველად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, ვინაიდან ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ წამოადგინა შესაბამისი სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

„შესყიდვების კანონმდებლობის მიხედვით, ეს ჩვეულებრივი პროცესია, თუმცა ის პირობები, რაც გენერალური გეგმის პროექტით არის დადგენილი, კერძოდ, 11 ადგილის დამატებითი ჩარჩო-გეგმების შემუშავება, აუცილებლად შესრულდება. ეს ტენდერი გამოცხადებული იყო უფრო ადრე, ვიდრე გენერალური გეგმა დამტკიცდებოდა. ჩვენ ამით დრო მოვიგეთ. გენერალური გეგმა სავარაუდოდ, ნოემბერში დამტკიცდება, მანამდე კი მერია უზრუნველყოფს ყველა პროცედურას იმისთვის, რომ ჩარჩო-გეგმები 11 პრობლემური ადგილისთვის შემუშავდეს და ჩვენ გვქონდეს მათი სამომავლო განვითარებისთვის ზუსტი ხედვა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისი მერია თბილისის რამდენიმე უბნისთვის ჩარგო-გეგმების მოსამზადებლად გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს. საუბარია 3,1 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოზე, რომლის ფარგლებში დედაქალაქის 11 პრობლემური არეალისთვის განვითარების ჩარჩო-დოკუმენტები უნდა მომზადდეს. ესენია; ელიავას ბაზრობა, ვარკეთილის მე-3 მასივი, ,,აკადემ ქალაქი”, ორთაჭალის ბაღები, დოლიძე-ხლიანის ქუჩები, ლისის ტბა, თბილისის ზღვა, კოჯორი-შინდისის ტერიტორია, დიღმის ჭალები, დიდი დიღომი და გლდანის ტბების მიმტებარე ტერიტორიები.

მუნიციპალიტეტმა აღნიშნული სამუშაოებისთვის 2 ტენდერი გამოაცხადა, რომელში მონაწილეობაც, მხოლოდ ,,Colliers International Georgia”-მ მიიღო, თუმცა შერჩავა/შეფასების ეტაპზე, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო კომპანიამ დისკვალიფიკაცია მიიღო, შესაბამისად ტენდერიც უარყოფითი შედეგით დასრულდა.

მერიაში ირწმუნებიან, რომ ტენდერის ხელმეორედ გამოცხადების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენა ისევ არ არის გარანტირებული, რადგან ,, ქალაქთმშენებლობით დარგში საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიების რიცხვი შეზღუდულია, ბაზრის კვლევაში მხოლოდ ოთხმა, ხოლო ტენდერში ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.” მუნიციპალიტეტში მოთხოვნას გადაუდებელი აუცილებლობით ასაბუთებენ. ,, ჩარჩო გეგმების არეალები სამშენებლოდ აქტიურ ტერიტორიებს მოიცავს, სადაც 33000-ზე მეტი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და რამდენიმე ათეული მსხვილმასშტაბიანი ქალაქთმშენებლობითი პროექტი ფიქსირდება. ტერიტორიებზე დაწესებული შეზღუდვა აუცილებელია, რათა არ მოხდეს ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი პირობების კიდევ უფრო გაუარესება. ამასთანავე, გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს აღნიშნული პროექტის შეზღუდულ ვადებში, განხორციელება, რათა დაცული იქნეს მესაკუთრეთა ინტერესები უძრავი ქონების სამშენებლოდ განვითარების კუთხით და არ მოხდეს სამშენებლო სექტორის ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი კლება.”-ნათქვამია მერიის განაცხადში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები