დედაქალაქის მასშტაბით დაახლოებით 10 ათასი ავარიული შენობა-ნაგებობაა და თბილისის მერიას დაწყებული აქვს ამ მიმართულებით პროგრამა, ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ჩვენ დავპირდით დედაქალაქის მოსახლეობას, რომ წარვუდგენდით პროგრამას, რომელიც დაგვეხმარებოდა ავარიული სახლების ჩანაცვლებაში. სამწუხაროდ, დედაქალაქში ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორიის სტატუსი აქვს მინიჭებული, 10 ათასამდე ასეთი შენობაა. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტმა დაიწყოს აღნიშნული კორპუსების ჩანაცვლება და არ შემოიფარგლებოდეს გამაგრებით, რადგან ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, როცა რეაბილიტირებული, გამაგრებული სახლები გარკვეული წლების შემდეგ ისევ ავარიული ხდება და ეს რა თქმა უნდა, უდიდესი პრობლემაა. როგორც ფინანსურად, ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ის ასევე საფრთხეს წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, სწორედ ამიტომ, ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ კონკრეტული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია ასეთი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება ახალი თანამედროვე საცხოვრებელი ფართებით", - განმარტავს თბილისის მერი.
ამასთან, მთავრობის სხდომაზე კალაძემ სამგორის რაიონში არსებულ ავარიულ კორპუსთან დაკავშირებით ილაპარაკა და აღნიშნა, რომ შეთანხმება მიღწეულია, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსი დაინგრევა და მის მაგივრად ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი ფართები აშენდება.
"სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან დაკავშირებით, რომელიც ავარიული იყო და 26 ოჯახი ცხოვრობდა, მოხდა კონსულტაცია, მოსახლეობასთან მოლაპარაკებები და შეთანხმება მიღწეულია, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსი დაინგრევა და მის მაგივრად ახალი თანამედროვე საცხოვრებელი ფართები აშენდება. ამჟამად, კორპუსში მცხოვრებლები ქირით გვყავს გაყვანილი, არაფერს იხდიან. მუნიციპალიტეტი ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს. 26 ოჯახს ყველანაირად გარემონტებული და მოწესრიგებული ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როდესაც ხდება მოსახლეობასთან მოლაპარაკებები, მათი მხრიდან არის უფრო მეტი ფართის მიღების მოთხოვნა, რაც შეუძლებელია. მუნიციპალიტეტი ამას ვერ გააკეთებს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ის კონკრეტული ფართი მივცეთ ავარიულ სახლში მცხოვრებ ადამიანებს, სადაც ისინი ცხოვრობენ. ზედმეტი ფართის მოცემა არ შეგვიძლია და ამის უფლება არ გვაქვს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ამის გამო ბევრ პროექტის შეჩერება ხდება. არიან ისეთი ადამიანები, ვინც ამას ითხოვს“, - განაცხადა კალაძემ.