თბილისის მერია გარე მოვაჭრეებს სხვადასხვა შესაძლებლობებს ვაჭრობისთვის ეტაპობრივად შესთავაზებს. გადაცემაში „საქმის კურსი“ მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი მთავრობა გარე მოვაჭრეების თემას კომპლექსურად უყურებს და სანქციების გამკაცრების პარალელურად, საზოგადეობას სხვადასხვა შესაძლებლობებს შესთავაზებს.
“არ შეიძლება ქალაქის ყველა კუთხე–კუნჭულში საქონლის მიწოდება იმგვარად ხდებოდეს, რომ ყველანაირი ნორმები ირღვეოდეს. როდესაც ქალაქს აქვს ამბიცია , რომ არის დედაქალაქი, არის აღმოსავეთ ევროპის დედაქალაქი, ხელისუფლება ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს იმისთვის, რომ კანონი ყველასთვის კანონობდეს", - აღნიშნა მაია ბითაძემ.
უკანონო გარევაჭრობაზე ჯარიმები, შესაძლოა, 20-დან 100 ლარამდე გაიზარდოს. შესაბამის ცვლილებებს მერიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს.

























