მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები 22 დღე გაგრძელდება - რა თანხას დახარჯავს მერია?

638394fa4b32f
ნინო ტაბატაძე
27.11.22 22:00
4589
თბილისის მერია ახალი წლის აღნიშვნისთვის ემზადება. წელს მერია საახალწლო ღონისძიებების მოწყობა 4 994 200 ლარი დაუჯდება. გამარტივებული შესყიდვა გამოცხადებულია.

მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ღონისძიებების და აქტივობები 22 დღის განმავლობაში, 2022 წლის 23 დეკემბრიდან - 2023 წლის 13 იანვრის ჩათვლით, ორბელიანის მოედანზე, მშრალ ხიდზე, 9 აპრილისა და 9 მარტის ბაღებში გაიმართება.

„სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებითაა დაგეგმილი. წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, სხვადასხვა გასართობი და კულტურული აქტივობები. ჩატარდება მსვლელობები, პერფომანსები, ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები, ელექტრონული ლაივ-შოუები. სტუმრების განწყობას აამაღლებს თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად.

ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო თემატური ფოტოზონები, მოცულობითი ინსტალაციები და დეკორაცია/მორთულობები: დეკორირებული ნაძვის ხეები, თემატური თაღები, სასცენო დეკორაციები, ხიდის, ქუჩებისა და ფასადების თემატური მორთულობები, მოცულობითი ინსტალაციები (თოვლის ბაბუას (სანტას) სახლი და სახელოსნო, საახალწლო ლაბირინთი, საახალწლო მატარებელი და ა.შ.) და სხვა.

დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა - „საშობაო ბაზარი“, გასტრონომიისა და ტკბილეულის ფესტივალი.

31 დეკემბერს, დეკორირებულ სცენაზე გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტში ჩართული იქნება 200-მდე მონაწილე, მათ შორის სოლო შემსრულებლები, გუნდები, ანსამბლები, ბენდები, წამყვანები, ორკესტრი“, - აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები