მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედათა და ბავშვთა და მძღოლების მოსასვენებელი ოთახები... - რა ახალი მოთხოვნები უწესდებათ ავტოსადგურებს?

ავტოსარგური

მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ავტოსადგურის სერტიფიცირებას და მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღებას ითვალისწინებს და ოფიციალურად 1-ელ მარტს შევიდა ძალაში, არ მოქმედებს. კანონის უმოქმედობის მიზეზი, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების არ არსებობაა, რაზეც უწყებები პარალელურად მუშაობენ.

21 მაისს ორი კანონქვემდებარე აქტი მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის და ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა, რომლების დიდი ნაწილიც ძალაში 2025 წლის 1 ივნისიდან შევა.

ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების დადგენილების მიხედვით, პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს:

  • საბილეთო სალარო;
  • მგზავრების მოსაცდელი დარბაზი;
  • სანიტარიულ-ჰიგიენური ბლოკი;
  • მძღოლების დასასვენებელი ოთახი;
  • ბაქანი (ბაქნები);
  • სადისპეტჩერო;
  • რეისებს შორის ავტობუსების/მინივენების სადგომი მოედანი;
  • საინფორმაციო სამსახური;
  • ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო;
  • მარშრუტზე მიმოსვლის ელექტრონული საინფორმაციო ტაბლო;
  • ავტოსადგურის მთელი ტერიტორიის ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, სადაც ვიდეოჩანაწერის შენახვა უნდა განხორციელდეს არანაკლებ 5 დღის განმავლობაში.

რაც შეეხება მესამე კლასის ავტოსადგურს, უნდა გააჩნდეს:

  • საბილეთო სალარო;
  • არანაკლებ 15 მ​2 ფართის გადახურული მოსაცდელი არანაკლებ 5 დასაჯდომი ადგილით;
  • ბაქანი;
  • რეისებს შორის ავტობუსების/მინივენების სადგომი მოედანი;
  • საპირფარეშო (ავტოსადგურის ტერიტორიაზე).
  1. პირველი კლასის ავტოსადგურში მოსაცდელი დარბაზიდან ავტობუსში ჩასასხდომად მგზავრის გადაადგილება უნდა ხდებოდეს გადახურული კონსტრუქციის ქვეშ.
  2. პირველი კლასის ავტოსადგურებში მოსაცდელი დარბაზი, დედათა და ბავშვთა ოთახი, საბილეთო სალაროები, ცნობათა ბიურო და საპირფარეშო განთავსებული უნდა იყოს შენობის ერთ კომპლექსში.
  3. სამივე კლასის ავტოსადგურში მგზავრებისათვის არსებული ყველა სახის მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
  4. ავტობუსების/მინივენების ბაქანზე ჩამოდგომის შესახებ მგზავრებს ინფორმაცია ტაბლოების საშუალებით და ასევე ხმოვანი სახით უნდა მიეწოდოთ.
  5. მძღოლებს უნდა ჰქონდეთ მოსასვენებელი ოთახი, რომელიც 1 ადამიანზე 2 მ​2-ს უნდა მოიცავდეს და ერთდროულად დასვენება რეისში გასავლელი მძღოლების არანაკლებ 50%-ს უნდა შეეძლოთ მინიმუმ 1 საათით.
  6. ავტოსადგურში მგზავრებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს საპირფარეშოთი მომსახურება მთელი სამუშაო დღის განმავლობაში.
  7. მგზავრების ჩასასხდომად ავტობუსის/მინივენის ბაქანზე ჩამოდგომა ხდება მოძრაობის განრიგით განსაზღვრული დროის შესაბამისად, გასვლამდე არანაკლებ 20 წუთით ადრე.

პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურებიდან შიდა და საქალაქთაშორისო მგზავრგადაყვანა ხორციელდება, მესამე კლასის ავტოსადგურიდან კი, საერთაშორისოც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები