დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში ფესტივალი „ალოობა 2026“ გაიმართა. ღონისძიება, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, შესაბამისი გამარტივებული შესყიდვის თანახმად, 278 300 ლარი დაჯდა.
როგორც სამინისტრო იტყობინება, ფესტივალი ქართული ხორბლის ენდემური სახეობების, ადგილობრივი ჯიშებისა და პურის მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ტრადიციებისა და რიტუალების პოპულარიზაციას მიეძღვნა.
„ჩვენი მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაცნოთ საქართველოს, როგორც ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი ცენტრის მნიშვნელობა, ხაზი გავუსვათ ქართული ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების დაცვის აუცილებლობას და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ის უნიკალური აგრობიომრავალფეროვნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმდიდრეა“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
ფესტივალის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლისა და ქერის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების ნიმუშები, სამეცნიერო გამოცემები, საინფორმაციო მასალები და ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ცენტრის საქმიანობას მცენარეთა გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვის, კონსერვაციისა და კვლევის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ალოობა ივლისის დასაწყისში უნდა გამართულიყო, თუმცა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც ემსხვერპლა მცირეწლოვანი ბავშვი, ღონისძიების ჩატარების თარიღი 25 ივლისამდე გადაიწია.



























