"ეროვნული ბანკის ინსტრუმენტებშია საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა, რომ დედოლარიზაცია განხორციელდეს“, - განაცხადა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ თავისუფალი დემოკრატების წევრმა დავით ონოფრიშვილმა. მისი თქმით, ლიბერალური ეკონომიკის პირობებში, ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს რომელ ვალუტაში ექნება ანაბარი და გარკვეული ჩარევა ამ პროცესში არ შეიძლება. ონოფრიშვილი თვლის, რომ ქვეყანაში მაღალი დოლარიზაცია პრობლემაა და ხელისუფლებამ ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომელიც ლარის მიმართ ნდობას აღადგენს.
"დღეს რომ ბანკში მიხვიდეთ და სესხი ლარში მოითხოვოთ, დიდი ალბათობით ბანკმა შესაძლოა უარი გითხრათ იმ არგუმენტით, რომ ლარში სესხს არ იძლევა. ისინი სესხს ძირითადად დოლარში იძლევიან. მე ვთვლი, რომ კომერციულმა ბანკმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრას უარი კლიენტს, რომელსაც ლარში სურს სესხის აღება. როდესაც სესხს იღებს ამას ბანკის კლიენტი წყვეტს.
მთელი რიგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომელიც დედოლარიზაციას დაეხმარება, მაგრამ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა არ შეიძლება", - ამბობს ონოფრიშვილი. მისივე თქმით, ლარის მიმართ უნდობლობას მისი არასტაბილურობა და არაპროგნოზირებადობა იწვევს. კურსის ცვლილებით გამოწვეული რისკის გამო კი ადამიანები თანხას დოლარში ინახავენ.
"როდესაც საუბარია, რომ ქვეყანა ინვესტიციების შიმშილს განიცდის, როდესაც უცხოელი ინვესტიციები უნდა შემოვიდეს, ამ დროს ინვესტორებს ვეუბნებით, რომ თუ ასეთი ნაბიჯი გადაიდგა, რომ იძულებითი გადაცვლა მოხდეს გარკვეული კურსით შემდგომში ლარში ამ ინვესტიციის. მერე უკვე ინვესტორიც ფიქრს იწყებს თუ ეს ნაბიჯები იდგმება რატომაც არა, რომ შემდეგში ეს ნაბიჯები გადადგას. ამიტომ ეს ცოტა სახიფათოა, როდესაც ასეთი იძულებითი რეგულაციები იქნება გაცვლით კურსში შემოტანილი. ეროვნული ბანკის ინსტრუმენტებიც შეიძლება რეგულაცია იყოს, იმიტომ რომ ის რეგულაცია კომერციულ ბანკებს შეეხება.
საპენსიო რეფორმაშიც ისეთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომელიც დაარეგულირებს და ეკონომიკას უფრო მდგრადს გახდის. ცხადია სახელმწიფო ობლიგაციების არსებობაც გარკვეული სტაბილურობის საშუალებას იძლევა. დედოლარიზაცია საბაზრო მექანიზმებით უნდა იყოს გაკეთებული და არანაირი ხელოვნური რეგულაციებით. პირიქით, ამან შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს სიტუაცია.
იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ დოლარიზაციის ასეთი მაღალი დონე, როგორიც დღეს არის სასარგებლო არ არის, კარგი არ არის ეკონომიკისათვის. გარკვეულ დონეზე დოლარიზაცია რომ იქნება ამაში ორი აზრი არ არის, უბრალოდ ბოლო წლებში ეს სერიოზულ საზღვრებს გასცდა და ამ დროს არ იყო ის ღონისძიებები მიღებული, რაც უნდა მიეღოთ. ახლა დაიწყეს ლაპარაკი და საფრთხე იმაშია, რომ ამ სიჩქარეში რამე არასწორი ნაბიჯი არ გადადგან", - განაცხადა ონოფრიშვილმა.

























