დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია, მისმა ძმამ თორნიკე მამალაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი თავისუფალია“ – წერს თორნიკე მამალაძე.
ცნობისთვის: დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წელს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა:"რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის გახმაურებულ საქმეს. აქაც მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ მომხდარიყო დაპირისპირება საზოგადოებაში. მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას. პატრიარქის ავტორიტეტის და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას. ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა მაშინ სალომე ზურაბიშვილმა.