შემოსავლების სამსახურის უფროსის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილის გნცხადებით, მიმდინარე წლის დეკემბერში გაირკვევა, ვინ გადაიხდის უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2017 წლიდან.
"ამას მინიმუმ დეკემბრამდე უნდა დაველოდოთ და გამოჩნდეს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას. მარკირება გრძელდება. ჩვენ როგორც დავპირდით ბიზნეს, შემოსავლების სამსახური ახორციელებს მარკირების საფასურის გადახდას. დავაკვირდებით, გავაანალიზებთ და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განუცხადა "ბიზნესკონტაქტს" თაბუაშვილმა.
მთავრობა პრემიერ-მინისტრის დავალებით საკითხის შესწავლას აგრძელებს, რაც ბაზარზე დაკვირვებას გულისხმობს, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება. ამასთან, მიმდინარე წლის მარტში, შემოსავლების სამსახურს დაევალა, არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი კომპანიებისა და SICPA-ს წარმომადგენლების მონაწილეობით, გამართოს სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც მარკირების აპარატებთან დაკავშირებულ ტექნიკურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. ბაზარზე დაკვირვება, სავარაუდოდ, 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბაზრის შესწავლის პერიოდში, მარკირების საფასურის გადახდას სახელმწიფო განაგრძობს.

























