მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში “ოცნებას” 760,000 ლარი შესწირეს - 60,000 კახა კალაძემ გადარიცხა

5fda0888bdc48
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.20 17:45
1317
2020 წლის დეკემბრის 15 დღეში “ქართულმა ოცნებამ” ფულადი შემოწირულობის სახით 760,000 ლარი მიიღო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, პარტიამ შემოწირულობები აიღო 7 ფიზიკური პირისგან და 6 იურიდიული პირისგან. მათ შორის 60,000 ლარი გადარიცხა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც. თბილისის მერმა დონაცია 2 დეკემბერს განახორციელა.

ეს კახა კალაძის მიერ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გადარიცხული რიგით მე-11 შემოწირულობა იყო. მთლიანობაში მას პარტიისთვის 330,675 ლარი აქვს შეწირული.

კალაძის გარდა, "ქართულ ოცნებას" 60,000 ლარი შესწირა ბიძინა ივანიშვილის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელმა ცოტნე ებრალიძემ. ასევე 50,000 ლარი შესწირა პარტიას ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა. კერძო კომპანიებიდან კი 100,000 ლარი გადარიცხა შპს “ციტადელმა”, რომლის 75%-იანი წილიც ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს ეკუთვნის. 100,000 ლარი გადარიცხეს კომპანიებმა “ქართული ღვინის იმპერიამ” და “ჯი. ეფ. სიმ”; ასევე “გოლდ ოილმა” და “ალიდამ”.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, დეკემბრის განმავლობაში "ევროპულმა საქართველომ" - 3 ათასი ლარის დონაცია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 1400 ლარის დონაცია მიიღო.

მთლიანობაში “ქართული ოცნების” შემოსავლებმა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში (1 სექტემბერი 17 ნოემბერი) 17.3 მილიონი ლარი შეადგინა. ამ მხრივ, მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობაა” , რომლის შემოსავალიც 5.7 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები