ინდოეთის ამინდის დეპარტამენტმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განგაშის წითელი დონე გამოაცხადა და მოსახლეობა მწვავე თბური ტალღის შესახებ გააფრთხილა მას შემდეგ, რაც ინდოეთის დედაქალაქ დელიში რეკორდული ტემპერატურა, 50 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა.
მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, წითელი განგაში ამ შემთხვევაში ითვალისწინებს მოსახლეობისთვის სიცხესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების “ძალიან მაღალ რისკს” და მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებით მოწყვლად ნაწილს, “ექსტრემალური სიფრთხილისკენ”.
უჩვეულოდ მაღალ ტემპერატურას ინდოეთი ზაფხულის დაწყებიდან ებრძვის. ამინდის დეპარტამენტი ამ დროის განმავლობაში აცხადებდა, რომ მწვავე სიცხის ტალღა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მაისის ბოლომდე შენარჩუნდებოდა.
ინდოეთი თბურ ტალღას იმ შემთხვევაში აცხადებს, თუ რეგიონში ტემპერატურა საშუალოზე 4.5-6.4 გრადუსით მაღალია, მწვავე ტალღას კი იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა მინიმუმ 6.5 გრადუსით აღემატება საშუალოს.
სამშაბათს, 28 მაისს, დელიში ამინდის ადგილობრივმა სადგურებმა 49.9 გრადუსი ცელსიუსით დააფიქსირეს - რაც დედაქალაქისთვის ყველა დროის რეკორდია და საშუალო ტემპერატურას 9 გრადუსით აღემატება.
ადგილობრივმა მთავრობამ სიცხის გამო წყლის მარაგებზე შეზღუდვებიც დააწესა. მათი თქმით, მდინარე ჯავნაში, რომელიც დელისთვის სასმელი წყლის მთავარი წყაროა, წყლის დონე დაბალია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 28 მაისს მაღალ ტემპერატურას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
მაღალი ტემპერატურა აფერხებს ინდოეთში მიმდინარე საარჩევნო პროცესებსაც, რის გამოც საარჩევნო უბნებზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების მობილიზება და სხვა საჭირო ზომების მიღება გახდა საჭირო.
საარჩევნო პროცესი ინდოეთში 1 ივნისს დასრულდება.