მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დელტა" საკუთარი პროდუქციის წარმოებაში ადგილობრივი მწარმოებლების ჩართვას გეგმავს

5916e4d3c655b
BM.GE
13.05.17 16:30
2431
"დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ მიმდინარე წლის 5 მაისიდან 8 მაისამდე პერიოდში კახეთში 393 სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლა, რითაც რამდენიმე ათასი კმ2 საერთო ფართობის ღრუბლის მასა იქნა დამუშავებული. ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ნალექის უდიდესი ნაწილი წვიმის და უწვრილესი უსაფრთხო ზომის სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა. ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა, - თემაზე "საქმიან დილასთან" სამხედრო სამეცნიერო- ტექნიკური ცენტრის "დელტას" ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა ისაუბრა.

-ბატონო უჩა, როგორც ვიცით, გაზაფხულის განმავლობაში საკმაოდ მასშტაბურად ჩატარდა სამუშაოები, დაახლოებით რა პერიოდის განმავლობაში გიწევთ სეზონურად ღრუბლების დამუშავება?

-წლევანდელი წელი მსოფლიო მასშტაბით სეტყვა-ინტენსიური წელია და რაკეტების მწარმოებლები დიდი ხნით ადრე იღებენ წინასწარ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების მიწოდების შეკვეთებს. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოში წელი საკმაოდ ადრე დაიწყო, 8 აპრილს განხორციელდა პირველი დამუშავება, დაახლოებით 390 კვადრატული კილომეტრი იყო პირველი პროცესი ძალიან ინტენსიური და შემდეგ უკვე ფაქტიურად 2-3 დღეში ერთხელ მიმდინარეობდა სეტყვასაშიში პროცესი და ერთი თვის განმავლობაში 15 სეტყვასაშიში პროცესი იყო, რომელიც ათი საერთო პროცესის სახით ჩამოყალიბდა და საერთო ჯამში 650 რაკეტაზე მეტია დახარჯული. რომ შევადაროთ 2015 წელს მთელი წლის განმავლობაში 909 რაკეტა იყო მხოლოდ გასროლილი და 2016 წელს კი გასროლილი იქნა 1260 რაკეტა. ამ მონაცემებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ საკმაოდ დიდ სხვაობას, რადგან წინა წლის გასროლილი რაკეტების ნახევარზე მეტი ერთ თვიან პერიოდში იქნა გასროლილი. ჩვენ პროცესების გაგრძელებას ველოდებით. ზოგადად 15 ივნისამდეა აქტიური პერიოდის პირველი ეტაპი.

-რამდენი არის მაქსიმალური მარაგი, რომელსაც წინასწარი პროგნოზით, "დელტა" გაუმკლავდება?

- თუ პირველ მონაცემებს გადავხედავთ, მაშინ წლევანდელი წლის სამყოფი რაკეტებით სრულად ვართ აღჭურვილი. თუმცა, ასევე შესყიდვის პროცესიც მიმდინარეობს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ამ წლის დამასრულებელი და შემდეგი წლის დასაწყისის რაკეტებიც გვქონდეს მარაგში, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშნელოვანია.

-ბიუჯეტის დაახლოებით რა მოცულობის ზრდას ითხოვს შესაბამისად აღნიშნული ზრდადი სტატისტიკა?

-თავიდან ბიუჯეტი 3.9 მილიონიდან 4.5 მილიონ ლარამდე მერყეობდა. ჩვენ არც ერთ წელიწადს არ გადაგვიჭარბებია დადგენილი ბიუჯეტისთვის, ანუ მონაცემები, რომელიც თავიდან იყო დათლილი და რომელშიც ჩვენ უნდა ვმოძრაობდეთ, ამას არ ვცდებით და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მაქსიმუმ 15-20-30%-ით იზრდება ბიუჯეტი.

-ღრუბლების დამუშავება სხვა უარყოფით მოვლენებს ხომ არ იწვევს?

-სეტყვის საწინააღმდეგო დამუშავება ღრუბლის ჩამოწვიმებას გულისხმობს. აქ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ღრუბელი ერთ ადგილას დაიშალა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ეს გამორიცხულია. ღრუბელი, რომელიც ჰაერში იყო ის მიწაზე ჩამოდის და მტკვარს უერთდება და აზერბაიჯანისკენ მიდის. ამ მიმართულებით ყველა მხრივ დაზღვეულები ვართ.

-"დელტა" ბევრი სხვა მიმართულებით მუშაობს. გვიამბეთ თქვენს წარმატებულ პროექტებზე, შემოთავაზებებზე და ექსპორტთან დაკავშირებულ მუშაობაზე, რომელიც გაქვთ?

-ყველასთვის ცნობილია წინა საექსპორტო აქტივობები, რომელიც ’’დელტას“ გააჩნდა. ისინი მიმდინარეობს და მათი მოცულობა იზრდება. ჩვენი პროდუქციით კლიენტის კმაყოფილება ცალსახად გამოსახულია. ამ ყველაფრის ფონზე დიდგორის ოჯახის მანქანების გაფართოება და იგივე ბაზაზე სხვა ტიპის მანქანების დამუშავება ხდება, რადგან ბაზა წარმატებულია და გვაჩვენებს იმას, რომ მის საფუძველზე შესაძლებელია სხვა დამატებითი პროდუქტების შექმნა. თავისთავად მუდმივი გაუმჯობესებები მიმდინარეობს, ექსპლუატაციის პერიოდში ბაზისთვის საჭირო სხვადასხვა მოდერნიზაცია ჩნდება, რომელსაც ჩვენ ძალიან სწრაფად ვახორციელებთ და ჩვენი ერთ-ერთი ძალა სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი პროდუქტი, რომელზეც ვმუშაობთ. გუშინ და გუშინ წინაც საქართველოში დელეგაციები იმყოფებოდნენ და პროდუქციის დემონსტრირება ხდებოდა.

-ძირითადად რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დაახლოებით რა ფარგლებში ფორმდება კონტრაქტები?

-თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს არის არაბული ქვეყნები. ასევე ურთიერთობა მიმდინარეობს უახლოეს მეზობლებთან სხვადასხვა ტიპის პარტნიორობასა და პროდუქციის მიწოდებაზე. საერთო კონტრაქტების მოცულობა, რომელიც ახლა მუშავდება, დაახლოებით 150 მილიონს აჭარბებს აშშ დოლარის ექვივალენტში. ეს ის პროექტების, რომლებიც უშუალოდ მოლაპარაკებებშია. ასევე სახვა მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს და საკმაოდ რთულია მათი მონეტარული ღირებულების შეფასება, თუმცა მომგებიანობის თვალსაზრისით ამ პროექტების ეფექტი ძალიან მაღალია ’’დელტასთვის“. იქიდან გამომდინარე, თუ რა დონის და ზომის დაინტერესებაა ჩვენი პროდუქციის მიმართ, ჩვენ უკვე ცალსახად ვხედავთ იმას, რომ ’’დელტას“ საწარმოო შესაძლებლობები შეიძლება არც კი ეყოს გარკვეული ტიპის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. საკმაოდ ინტენსიურად ვაპირებთ აუთსორსინგის მიმართულებით მუშაობას. სხვადასხვა ტიპის ადგილობრივი მწარმოებლები გვინდა ჩავრთოთ წარმოების პროცესსა და პროდუქციის მიწოდების პროცესში. ქვეკონტრაქტორები გვეყოლება, რომლებიც ჩვენ პროდუქციას მოგვაწოდებენ და ჩვენ მათ დავაკომპლექტებთ, ავაწყობთ და საბოლოო პროდუქტის სახეს მივცემთ. ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა, რადგან ამ შემთხვევაში ეკონომიკური ეფექტი არა მხოლოდ "დელტას" შიგნით დარჩება, არამედ ქვეყნის მასშტაბითაც გავრცელდება.

-დიდგორი, როგორც ერთ-ერთი ბაზისური პროდუქტი წარმატებით შედგა და უკვე ზედნაშენზე საუბრობთ, მაგრამ პირადად თქვენთვის არსებობდა თუ არა წარუმატებელი პროექტები, რომელიც ’’დელტაში“ შედგა და რომლებზეც აღარ არის მოთხოვნა?

-ეს უფრო კონცეპტუალური კითხვაა მიდგომის მიმართ. საერთოდ ადამიანი, რომელიც არაფერს არ აკეთებს მხოლოდ ის ადამიანი არ უშვებს შეცდომას. შეცდომაში ამ შემთხვევაში ჩვენ პროექტს ვგულისხმობთ, რომელიც დროებით მაინც არის შეჩერებული, თუნდაც იმის გამო, რომ მასზე ამჟამად მოთხოვნილება არ არის. ან მოთხოვნილება არის, მაგრამ შესაბამის ინვესტიციას საჭიროებს საბოლოო პროდუქტამდე მისაყვანად. სამუშაოები მიმდინარეობს და ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რის შედეგადაც ათეულობით პროდუქტია, რომლებიც განვითარებაშია. ამ პროდუქტების მიმართულებით ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე განსაკუთრებით წარუმატებელია. ჩვენ გვაქვს პროდუქტები, რომლებიც დღესდღეობით მოთხოვნილი არ არის, მაგრამ ჩვენ პერსპექტივაში მათ საჭიროებას ვხედავთ.

-განვითარებას რა მიმართულებით გეგმავთ?

-სეტყვის დამშლელი სისტემა საკმაოდ მაღალი ინოვაციის დონის ინტეგრირებული სისტემაა, რომელიც ძალიან დიდ ეკონომიკურ ეფექტს აძლევს სხვა ქვეყნებთან შედარებით. დაახლოებით 80%-90%-ით ნაკლები დანახარჯი გვაქვს, ხოლო სამოქალაქო მიმართულებას რაც შეეხება, ეს ჩვენთვის მაინც ნაკლებად საინტერესოა, ’’დელტასთვის“ სამხედრო მიმართულება უფრო საინტერესოა, თუნდაც მომგებიანობის კუთხით ან პოლიტიკური მნიშვნელობის გამო. ’’დელტას“ ფუნქციონირების აუცილებელი თანმდევი პროცესია იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ვოპერირებთ, ჩვენი წარმომადგენლობების გახსნა. ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში თანამშრომლებიც უნდა გვყავდეს. საქართველოს სამხედრო ინდუსტრია დღეს პირველ ნაბიჯებს დგამს და ამიტომ სახელმწიფოს მხარდაჭერა ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, რომელიც ჩვენ წარმატებას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით ქვეყნის საერთო მხარდაჭერა გვაქვს, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერა. ეს მხარდამჭერი ფაქტორები კი ცალსახად განაპირობებს იმას, რომ მაღალი დონის ვიზიტები განხორციელდეს და სხვადასხვა ქვეყნებიდან დაინტერესება იყოს, რაც ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამ ყველაფერში კერძო კომპანიები რამდენად ჩაერთვებიან, ეს მიმდინარე პროცესია იქიდან გამომდინარე რა დაინტერესები და შემოთავაზებები იქნება. ჩვენ ამას განვიხილავთ და ნებისმიერ კომერციულ ორგანიზაციას მხარს დავუჭერთ. ჩვენი პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თანამონაწილეობა მნიშვნელოვანი და აუცილებელიც არის.

-ბიზნესის თვალსაზრისით ყველაზე წარმატებულ პროექტებად რომელს გამოყოფდით?

-ცალსახად ეს არის დიდგორის სამედიცინო-საევაკუაციო მიმართულება და ასევე ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ წარმატებულ პროექტებში ისეთ პროდუქტებს, როგორიც არის ცეცხლის მართვის სისტემები, მართვადი უპილოტო და მართვადი სარაკეტო სისტემები და ა.შ. ამ კუთხით საკმაოდ ფართო მიმართულებაა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები