საქართველოს მთავრობა ბაკურიანში გათოვლიანების ახალი სისტემების მოწყობას გეგმავს. პროექტს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია MTA (მთის ტრასების სააგენტო) ახორციელებს, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით 137.8-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.
MTA-ს განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია - Technoalpin გამოვლენილია და მასთან 99.9 მილიონი ლარის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდება. აღსანიშნავია, რომ იმავე სამუშაოს შესრულებას MTA-ს საერთაშორისო კომპანია HTI Group – Demaclenko თითქმის 8 მილიონი ლარით ნაკლებად სთავაზობდა, რომელიც გაუგებარი მიზეზების გამო არ იქნა არჩეული ტენდერში გამარჯვებულად, მიუხედავად ცალსახა საფასო უპირატესობისა.
აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით Demaclenko-ს დირექტორმა ანდრეას ლამბახერმა დღეს სასტუმრო Holiday Inn-ში მედიასთან შეხვედრა გამართა, სადაც მან განაცხადა, რომ სახეზეა საერთაშორისო სატენდერო პირობების დარღვევის ცალსახა შემთხვევა, რომელიც სავარაუდო კორუფციული გარიგების არსებობის ეჭვს აჩენს.
Demaclenko-ს პრეტენზია სამ ძირითად პრობლემურ საკითხს ეხება: პირველი მათგანი სატენდერო ფასს, 137.8 მილიონ ლარს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილე კომპანიებმა საკუთარი ფასები დახურული კონვერტის პრინციპით წარადგინეს, თავდაპირველად Technoalpin-ის მიერ დასახელებული ფასი, დაახლოებით, 137.8 მილიონ ლარს შეადგენდა, Demaclenko-ს მიერ წარდგენილი კი - 91.9 მილიონს. მიუხედავად 46-მილიონიანი სხვაობისა, Demaclenko არ გამოცხადებულა ტენდერში გამარჯვებულად, შერჩევის პროცედურა კი გაგრძელდა. აქ გასათვალისწინებელია, რომ Technoalpin-ის მიერ შეთავაზებული ფასი ზუსტად დაემთხვა MTA-ს მიერ დადგენილ ფასს, რაც Demaclenko-ს წარმომადგენლობის განმარტებით, აჩენს იმის ეჭვს, რომ ტენდერის გამომცხადებელსა და მონაწილე მხარეებს შორის წინასწარ უკვე იყო შემდგარი გარკვეული შეთანხმება, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს სამართლიან კონკურენციას.
მეორე პრობლემური საკითხი წინადადებების მიღების პროცესის დასრულების შემდეგ არსებულ არაგამჭვირვალე პროცედურას უკავშირდება. Demaclenko-ს გენერალური დირექტორის, ანდრეას ლამბახერის განცხადებით, დახურულს კარს მიღმა მოლაპარაკების საფუძველზე Technoalpin-მა პირველადი შეთავაზებული ფასი შეცვალა და ახალი, 99.9-მილიონიანი შეთავაზება გააკეთა.
BMG-ის დასმულ შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა მსგავსი შესაძლებლობით სარგებლობის უფლება Demaclenko-ს ან მიიღო თუ არა კომპანიამ ამ მოვლენასთან დაკავშირებით შესაბამისი შეტყობინება, ანდრეს ლამბახერმა უპასუხა, რომ მსგავსი პრივილეგიით სარგებლობის უფლება მის კომპანიას არ ჰქონია, პირველადი შეთავაზებული ფასის დახურულ კარს მიღმა შეცვლა კი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სატენდერო ნორმებს.
მესამე საკითხი MTA-ს საბოლოო გადაწყვეტილებას უკავშირდება. მიუხედავად ფასების კორექციის არაგამჭვირვალე პროცედურისა, სატენდერო შეთავაზება 8-მილიონიანი უპირატესობით დასრულდა Demaclenko-ს სასარგებლოდ, თუმცა ის მაინც არ იქნა არჩეული ტენდერში გამარჯვებულად. Demaclenko-ს CEO-ს განცხადებით, MTA-ს არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა მან და რა გახდა კონკურსში მისი დამარცხების მიზეზი. ლამბახერის თქმით, ყოველგვარი განმარტების გარეშე, სახელმწიფო კომპანიამ გამარჯვებულად აირჩია 8 მილიონით უფრო ძვირი ალტერნატივა, რაც ის თანხაა, რომელიც ამ პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს.
„სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა ძალიან ბევრ კითხვას ბადებს და შესაძლოა, ეს ყველაფერი სავარაუდო კორუფციულ სქემაზე მიუთითებდეს. მაგალითად: როგორ დაემთხვა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული და კონკურენტი კომპანიის (Technoalpin) მიერ დაფიქსირებული ფასი ზუსტად ერთსა და იმავე რიცხვს (137.8 მლნ)?
როგორ და რა პროცედურებით მოხდა შემდგომ ამ თანხის შემცირება (137.8-დან 99.9-მდე) და, რაც მთავარია, რატომ ხდება საბიუჯეტო თანხებით კონკურენტი კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭება მაშინ, როცა იგივე სამუშაოს შესრულება იტალიურ კომპანიასაც (Demaclenko) შეუძლია, როგორც მინიმუმ, ზუსტად იგივე ან უკეთესი ხარისხით? რატომ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბიუჯეტმა რამდენიმე მილიონი ლარით მეტი იგივე საქმეში სხვა კომპანიის სასარგებლოდ?“, - განაცხადა იურისტმა კახა კოჟორიძემ.
ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ Demaclenko-ს როგორც საერთაშორისო ბაზარზე, ასევე საქართველოში ოპერირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიას 2014 წლის შემდეგ არაერთხელ გაუმარჯვია ტენდერებში, თუმცა BMG-ის შეკითხვაზე, თუ რა შეიცვალა 2022 წელს და რატომ არის კომპანია სახელმწიფო შესყიდვების პროცედურით უკმაყოფილო, ლამბახერი პასუხობს, რომ აქამდე პროცედურა გამჭვირვალე იყო და სრულ შესაბამისობაში მოდიოდა საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც არ აჩენდა კორუფციული გარიგებების ეჭვის ან საჩივრის საფუძველს, თუმცა აღნიშნულმა ტენდერმა კომპანიის წარმომადგენლობის იმედგაცრუება გამოიწვია, რაც დახურული კონვერტებითა და ბურუსით მოცული შერჩევის კრიტერიუმებითაა გამოწვეული.
Demaclenko-ს განმარტებით, კომპანიას გააჩნია 40-წლიანი გამოცდილება გათოვლიანების სისტემების პროექტირებასა და მონტაჟში. ასევე, მას არაერთხელ აქვს საერთაშორისო სათხილამურო ჩემპიონატის გათოვლიანების სამუშაოებში მონაწილეობა მიღებული. სწორედ საერთაშორისო ჩემპიონატის ან ოლიმპიადის გათოვლიანების გამოცდილება იყო MTA-ს ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის წარდგენილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა.
კომპანიის დირექტორის განცხადებით, Demaclenko ზედმიწევნით აკმაყოფილებს ტენდერის ყველა პირობას და თან იძლევა აღნიშნული სამუშაოს 8 მილიონი ლარით უფრო იაფად შესრულების გარანტიას, ტენდერში მისი დამარცხება კი აჩენს კორუფციული გარიგების ეჭვებს, რის გამოც კომპანია გეგმავს, რომ MTA-ს გადაწყვეტილება ოფიციალურად გაასაჩივროს და მიმართოს შესაბამის სტრუქტურებს შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით. აგრეთვე, საჩივარი იქნება წარდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ბიუჯეტის სახსრების არაეფექტიანად გახარჯვის პრევენციის მიზნით და შესყიდვის პროცესში არსებული ხარვეზების გამოსავლენად. კომპანია არბიტრაჟისთვის მიმართვის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.